17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის ბაზას რამეს ვაწვდით - არველაძე საქართველოსა და „ინტერ რაოს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის ბაზას რამეს ვაწვდით - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა იმ ხელშეკრულების შესახებ საუბრისას გააკეთა, რომელიც საქართველოსა და „ინტერ რაოს“ შორის გაფორმდა. 

დოკუმენტი აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდებას ითვალისწინებს.

რევაზ არველაძე ამბობს, რომ ქართული მხარე ელექტროენერგიას არა რუსეთს, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს აწვდის.

გარდა ამისა, არველაძის თქმით,  როდესაც მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება ფორმდება, პარლამენტს  ამის შესახებ უნდა ეცნობოს.

„თავიდანვე გამოვრიცხოთ რუსეთის ბაზები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვაწვდით აფხაზეთს ელექტროენერგიას. ახლა თუ სარგებლობს აფხაზეთი და რუსეთის ბაზას აწვდის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთის ბაზას რამეს ვაწვდით. ჩვენ ვაწვდით აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიას. ეს არის ჩვენი ხალხი, ჩვენი ტერიტორია და რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ვაკეთებთ ამ ამბავს. მეორე, რაც შეეხება ამ ხელშეკრულებას, ეს ხელშეკრულება მე არ მინახავს, სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, როდესაც ასეთი ხელშეკრულება იდება, პარლამენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ამის თაობაზე,“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას გადაწყვეტილებით გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთიდან 45 მილიონი კვ/სთ ელექტროენერგიის შესყიდვისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის უფასოდ მიწოდების შესახებ. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, საჯარო გახადოს აღნიშნული ხელშეკრულების დეტალები.

 ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები