17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
საახალწლო ღონისძიებებისთვის დახარჯული მილიონები და სავარაუდო კორუფცია - "გამჭვირვალობის" კვლევა

სავარაუდო კორუფცია და უტენდეროდ დახარჯული საბიუჯეტო თანხა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას აქვეყნებს. შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს 5 ქალაქში საახალწლო და საშობაო ღონისძიებებს 6-ნახევარი მილიონი ლარი მოხმარდა, აქედან თანხის 82% თბილისზე დაიხარჯა.

დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი ნაწილი უტენდეროდ, პირდაპირი წესით განხორციელდა. კვლევის შედეგების მიხედვით, ტენდერებზე უკონკურენტოდ იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც ძირითადად სალომე ზურაბიშვილის შემომწირველები იყვნენ.

„ამ თანხის, დაახლოებით, 36% პირდაპირ შესყიდვებსა და გამარტივებულ შესყიდვებზე გადავიდა. ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა და მერიამ ზუსტად იცის, რომ ახალი წელი ყოველ წელს დგება და მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს შესყიდვები სათადარიგოდ დაგეგმონ და მაქსიმალურად გააკეთონ ყველაფერი, რომ ჩაატარონ ტენდერი და ამ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა უფრო მეტმა კომპანიამ. ახალ წლამდე სიჩქარეში არ მოახდინონ ამ შესყიდვების განხორციელება, რადგან დიდია რისკია, რომ კომპანია, რომელიც იგებს ტენდერს, შეიძლება გარიგებული იყოს მერიასთან,“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის შედეგებს ოპოზიცია გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ახალი წელი არ არის ფორსმაჟორი, რის შესახებაც მუნიციპალიტეტებმა წინასწარ არ იციან. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ პირდაპირი შესყიდვები მუნიციპალიტეტებისთვის მისაღები კომპანიების წასახალისებლად განხორციელდა.

„ახალი წელი უცაბედად დაატყდება დედაქალაქს თავს ხოლმე, ისე, თითქოს არ იცოდა არავინ, რომ ახალი წელი მოვიდოდა. შემდეგ მილიონობით ლარის ხელშეკრულებებს უფორმებენ იმ კომპანიებს, რომლებიც არიან ხოლმე „ქართული ოცნების“ შემომწირველები ან პირადად კახი კალაძის საარჩევნო კამპანიაში წირავდნენ ხოლმე თანხას,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საკითხის გარშემო შესაბამისმა ორგანოებმა მოკვლევა უნდა დაიწყონ.

არაერთხელ გვითქვამს მერიისთვის, რომ ეს არის არასერიოზული მიდგომა ბიუჯეტის თანხების მიმართებაში, მაშინ, როცა მერია განმარტებას გვაძლევს და გვეუბნება, რომ ახალი წელი არის, თურმე, ფორსმაჟორი აქედან გამომდინარე იყო აუცილებლობა და საჭიროება, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაეფორმებინათ ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის არასწორი მიდგომა, ეს არის თბილისის და თბილისელების თანხების არამიზნობრივი ხარჯვა,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ჟღენტმა.

 

დღის ამბები