24 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
ივანიშვილის მიწები და ახალი სამიზნე - ოლიგარქი ჩაქვში სუს-ის საიდუმლო ბაზაზე ხეებს ეხუტებოდა

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში, დაახლოებით, 45 მილიონი კვ. მეტრი ტერიტორია გადაიფორმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას ფლობს. ირკვევა, რომ ჩაქვში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ბაზით დაინტერესდა და ტერიტორიის შეძენას აპირებს.

შაბათის კურიერმა ექსკლუზიურად სტრატეგიულ სიმაღლეზე განთავსებული დაზვერვის ობიექტის კადრებიც გადაიღო, სადაც ჩანს სატვირთო სპეცმანქანა, რომელსაც ტერიტორიიდან ინვენტარი გააქვს.

ადგილობრივებმა კურიერის ჟურნალისტს განუცხადეს, რომ ნახეს, თუ როგორ შევიდა ბიძინა ივანიშვილი ბაზაზე, ტანმაღალი ხეები აზომა და შემდეგ ევკალიპტებს ჩაეხუტა და მათ ეფერებოდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ჩაქვში ბაზა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, უქმდება. ხეების ტრანსპორტირებისთვის ტერიტორიაზე არსებული შენობები ხელისშემშლელია, ამიტომაც ისინი უნდა გაქრეს, ამის შემდეგ დაცარიელებული და გამოუყენებელი ტერიტორია კი გასხვისდეს. კურიერის ინფორმაციით, ბაზის დასაშლელად უკვე ყველაფერი გაამზადეს.

34627 კვადრატული მეტრი ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, თუმცა, დოკუმენტების თანახმად, 17 შენობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სარგებლობს და იქ სუს-ის საიდუმლო ბაზაა.

ივანიშვილი აჭარა-გურიის რეგიონში, დაახლოებით, ნახევარ მილიონამდე კვადრატულ მეტრს ფლობს, შავი ზღვის სანაპიროზე საუკეთესო ტერიტორიები ქართული ოცნების თავმჯდომარემ ნაწილ-ნაწილ იყიდა. 2012 წლიდან დღემდე მან 108 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია შეიძინა. 36 ათასი კვადრატი აქვს ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და 13 ათასზე მეტი - მწვანე კონცხზე.

ზუსტად იმის დათვალა, თუ რამდენი მილიონი კვადრატული მეტრი მიწაა ივანიშვილის საკუთრებაში, შეუძლებელია. ის ქონებას მისი, ოჯახი წევრების, ნათესავების, კომპანიების, შვილობილი კომპანიების და ოფშორში რეგისტრირებული ფირმების სახელზე აფორმებს.

ოპოზიცია მხოლოდ სავარაუდო მონაცემები დაჯამება შეძლო. ივანიშვილის საკუთრებაში 45 მილიონ კვადრატული მეტრი მიწაა, რაც ასჯერ მეტია, ვიდრე ვატიკანი. მიწის დიდ ნაწილს ქართული ოცნების თავმჯდომარე და მასთან დაკავშირებული ფირმები ხელში სიმბოლურ ფასად იგდებენ.

ლაგუნა ვერე ივანიშვილის მმართველობის სიმბოლოა. ქალაქის ცენტრში 10 ათასობით კვადრატული ტერიტორია მან ხელში წლების წინ ჩაიგდო. თბილისის მთავარი საცურაო აუზი მიწით არის სავსე, მიმდებარე ტერიტორია კი სხვადასხვა მცირე მეწარმეებს აქვთ ნაქირავები.

ივანიშვილს ეკუთვნის თბილისის ძველი იპოდრომიც. 299 243 კვადრატული მეტრი მიტოვებულია. ივანიშვილმა ერთ ლარად ჩაიგდო ხელში გლდანში 33 ათასი კვადრატული მეტრი მიწა.

ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ თბილისში, პუშკინის სკვერში, 1900 კვ. მეტრზე ავტოსადგომი განთავსდებოდა. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ავტოსადგომი 1100 კვ. მეტრზე განთავსდება, ხოლო დანარჩენი ტერიტორია შენობა-ნაგებობებს დაეთმობა. იმ შემთხვევაში თუ ოლიგარქი შეთანხმებას დაარღვევს, 100 ლარით დაჯარიმდება.

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბოლო სამიზნე აბასთუმანია. ზაფხულში დასასვენებლად ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა მიწების შეძენა იქ სასწრაფო წესით დაიწყო. ამ ეტაპზე მან აბასთუმანში ჯერ მხოლოდ 14 000 კვ.მეტრის შეძენა მოასწრო, თუმცა, ეს პროცესი გრძელდება.

ივანიშვილის სამიზნე აბასთუმანში კლინიკის ტერიტორია გახდა, სადაც გასული საუკუნიდან ტუბერკულოზით დაავადებულები მკურნალობდნენ. ახლა კლინიკას, რომელთანაც ფიჭვნარი მდებარეობდა, სოფლის განაპირას, კლდეზე აშენებენ. გამწვანებულ ზონაში კი ივანიშვილის რეზიდენცია იქნება.

გურიაში, მიწების უდიდესი ნაწილი ბერა ივანიშვილის სახელზეა - ჯამში სულ 1 140 000 კვადრატულ მეტრზე მეტი.

2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირი მიყიდვის გზით მიიღო 350 ათასი კვადრატული მეტრი მიწა გარდაბანში და 39 ათასი - განმუხურში. ქონების ნაწილი ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაშია.

საკურორტო ზონები ივანიშვილის ერთადერთი სამიზნე არ არის, წლიდან წლამდე მის საკუთრებაში გადადის სახნავ-სათესი მიწები სამეგრელოში. მხოლოდ აბაშაში მან 10 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა შეიძინა.

 

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

 

დღის ამბები