18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
„კომუნისტური ტარიფებით ნუ გვიხდიან, ხელფასები დაგვირიგონ" - ელმავალმშენებლის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

ელმავალმშენებლის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. ისინი 6-თვიანი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ თქმით, ამ დრომდე დირექციას კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ იძულებულები გახდნენ, ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება დაეწყოთ, თუმცა ისიც უშედეგო აღმოჩნდა.

„კომუნისტური ტარიფებით ნუ გვიხდიან, ხელფასები დაგვირიგონ და სამუშაო გვქონდეს, მეტს არაფერს ვითხოვთ. ვიცით, რომ უჭირთ ამათ იმიტომ, რომ  ხელფასები აქვთ ათასები, მაგრამ ჩვენ ამ მდიდარ ხალხს დაგვირიგონ ჩვენი კუთვნილი,“ - განაცხადა ელმავალმშენებლის თანამშრომელმა, დავით ბალახაძემ.

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციას პროფკავშირების გაერთიანების პრეზიდენტი შეუერთდა. ირაკლი პეტრიაშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ ქარხნის მფლობელი კომპანიისგან გზავნილი მიიღო. მისი თქმით, წერილში აღნიშნულია, რომ 14-დან 17 მარტის ჩათვლით სახელფასო დავალიანება ანაზღაურდება.

გზავნილის შინაარსის მიუხედავად, ჯერჯერობით ელმავალმშენებელი ქარხნის ეზოში საპროტესტო აქცია გრძელდება. თანამშრომლების თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ასევე, მოთხოვნების ჩამონათვალიც გაიზრდება. 

„მარაზმია ის, რაც ხდება ჩვენს თავს. გაუგონარია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები მუშაობდნენ და 6 თვის ანაზღაურება გადაუხდელი ჰქონდეთ. ამას არცერთი ნაბიჯი უკან არ სჭირდება, ამას სჭირდება ნაბიჯი წინ. ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მიუძღვის ბრალი, უნდა გაუძღვეს გზას მართალს,“- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები