18 მაისი 2024,   19:42
ვრცლად
"ალბათ მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება - "ქართული ოცნების" ე.წ. ძველების გუნდი ღარიბაშვილის პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში შესვლას მიესალმება. გია ვოლსკი, რომელმაც „ქართულ ოცნებაში“ საკუთარი ადგილი დაუთმო პოლიტიკაში დაბრუნებულ ღარიბაშვილს ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას მიესალმება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის შესვლის საკითხზე საუბარი არ ყოფილა თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი საკითხის განხილვის შესაძლებლობა არ არსებობს.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არ ვფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უნდა იყოს კანდიდატი მთაწმინდაში მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ ამ საკითხებზე არ იქნება მსჯელობა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.  

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება ე.წ. ძველების გუნდი.  ნუკრი ქანთარია დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერი მხოლოდ პარტიის პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება.

„მივესალმებოდი მაგრამ ეს არ არის გადაწყვეტილი და ვარაუდია თქვენი. ირაკლი ღარიბაშვილი ალბათ შემდგომში მიიღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას და ბუნებრივია, რომ ის ახლა მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება. მაგრამ ეს ალბათ მომავლის საქმეა,“- აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დროულ გადაწყვეტილებად თვლის ვიქტორ ჯაფარიძეც.

„აუცილებელი არის ირაკლი ღარიბაშვილის ნაირი კადრების ქართულ ოცნებაში დაბრუნებაც და ყოფნაც,“-განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კობა ნარჩემაშვილი კი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება "ქართული ოცნების" შიდა განსახილველი თემაა.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებას ემსახურება.  სავარაუდოდ ის კენჭს იყრის მთაწმინდის მაჟორიტარად. მანდატი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავისუფალია და იქ შუალედური არჩევნები აპრილში გაიმართება. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი არსებული ინფორმაციით, ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები