18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
საჯარო სამსახურის რეფორმა სამინისტროებში და სახელმწიფო აპარატებში - საია კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საჯარო სამსახურის რეფორმა სამინისტროებში და სახელმწიფო აპარატებში - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვა ხარვეზებით და რიგ შემთხვევებში კანონდარღვევით მიმდინარეობს.

ასევე ხარვეზებით წარიმართა პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვა და განხორციელება. შეფასების საფუძველზე გაცემული ფულადი ჯილდოს ჯამურმა ოდენობამ ორ მილიონ ლარამდე შეადგინა. კვლევაში საუბარი იყო ასევე საჯარო დაწესებულების მიერ რეორგანიზაციის საფუძველზე გათავისუფლებული საჯარო მოხელეების რაოდენობასა და მათი მობილობის წესით დასაქმებაზე.

კვლევა 2018 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. კვლევის პერიოდში საჯარო ინფორმაცია საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებმა საია-ს არ მიაწოდეს.

„ამ პროცესში თავისთავად არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, მაგალითად ის რაც უნდა ყოფილიყო საგამონაკლისო წესით გათვალისწინებული კონკურსის გარეშე საერთოდ სამსახურში აყვანა, როგორც ჩანს ეს ხდება არა საგამონაკლისო არამედ ძირითადი სტანდარტი, რაც ბუნებრივია უკარგავს ერთის მხრივ დახურული კონკურსის იდეასაც და მეორეს მხრივ პრობლემებს ქმნის ნეპოტიზმის და გარკვეული ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადმინისტრაციული ორგანოების და პირველ რიგში სამინისტროების სახელმწიფო მინისტრის აპარატების მზაობა დიდ წილად განაპირობებს და დიდ წილად უზრუნველყოფს ერთგვარი სტანდარტის შექმნას თუ როგორ იმუშავებენ სხვა საჯარო დაწესებულებები ამ მიმართულებით,“ - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

2018 წლის განმავლობაში სამინისტროებმა შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში 197 პირი მიიღეს, რომელთაგან 130 პირის დასაქმება კონკურსის გარეშე მოხდა, რაც მესამე სექტორის აზრით ნეპოტიზმის რისკებს ზრდის საჯარო დაწესებულებაში.

„2018 წლის განმავლობაში სამინისტროებში შრომითი ხელშეკრულებით 197 პირი მიიღეს და რომელთაგან 130 უკონკურსოდ იქნა მიღებული, რის შესაძლებლობასაც იძლევა საქართველოს კანონმდებლობა საგამონაკლისო წესით. სამინისტროების დიდმა ნაწილმა წლის დასაწყისში ვერ უზრუნველყო შეფასების წესის და მეთოდოლოგიის მიღება და 3-დან 6 თვემდე დაგვიანებით მიიღო, რის გამოც მნიშვნელოვნად შეფერხდა შეფასების პროცესის მიმდინარეობა. ხოლო რაც შეეხება შეფასების შედეგებს, შეფასებული საჯარო მოხელეების 99%-მა მიიღო დადებითი შეფასება, ძალიან კარგი ან კარგი, რაც არსებითად არ ასახავს იმ სურათს, რომელიც არსებობს საჯარო სამსახურის სისტემაში,“ - განმარტა საია-ს საპარლამენტო მდივანმა ნინო ცუხიშვილმა

დღის ამბები