18 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
„გადაეცით, რომ არის მუქთახორა და მშიშარა“- ალეკო ელისაშვილს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი არ შეხვდა

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელს, ალეკო ელისაშვილს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი არ შეხვდა. ლევან სურგულაძის წარმომადგენელმა ელისაშვილს განუმარტა, რომ ფონდის ხელმძღვანელს მთელი დღის განრიგი დაკავებული აქვს.

„დაგეგმილია აბსოლუტურად სრული დღე. თქვენ ალბათ ფლობთ ინფორმაციას, რომ ფრანგი სტუმრები არიან ვიზიტით საქართველოში რამდენიმე დღეა და ბუნებრივია, დაუგეგმავად ბატონი ლევანი ვერ შეხვდებოდა,“- განმარტა საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მაგდა კოტრიკაძემ.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა სურგულაძესთან შეხვედრა საპენსიო რეფორმაზე სასაუბროდ მოითხოვა და სააგენტოში რამდენიმე დღეში შეგროვებული 5 ათასი ხელმოწერა მიიტანა. ელისაშვილის თქმით, პროტესტი ყველა იმ მოქალაქემ დააფიქსირა, ვისაც სურს, რომ დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითი იყოს.

„გადაეცით, რომ არის მუქთახორა და მშიშარა. მავნებლობა, ეს ვითომ საპენსიო რეფორმა და სინამდვილეში ძარცვა-გლეჯა ხალხის, გახდეს ნებაყოფლობითი. მერე ვნახოთ, რამდენი ცხოვრობს ისეთი გიჟი, რომელიც ნებაყოფლობით აძარცვინებს ამ მთავრობას თავს.  ნახევარ მილიონ ადამიანს ამ ისედაც საცოდავ ქვეყანაში ჯიბიდან კიდევ უღებენ ფულს. ვნახოთ, აი, ამ მავნებლური სქემის მიხედვით 25 და 30 წლის შემდეგ რამდენი დაუგროვდება ადამიანს და გადავუნაწილოთ ყოველ თვე და ვიცხოვროთ იმ ფულით მეც და ბატონმა სურგულაძემაც. 15 000 ლარად კი არ იცხოვროს, არამედ იცხოვროს იმ 150 და 200 ლარად,“- განაცხადა ელისაშვილმა.

დღის ამბები