27 დეკემბერი 2024,   07:11
ვრცლად
13 წლის გოგონა საკუთარ ბიძას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

13 წლის გოგონა ამტკიცებს, რომ საკუთარი ბიძა სექსუალურად ავიწროებს. მისი თქმით, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ერთი კვირის წინ მოხდა.

მერვეკლასელი გოგონას განმარტებით, ატირებულმა მომხდარის შესახებ მასწავლებელს უამბო. უთხრა, რომ ბიძა სხეულზე ეხება და ეფერება. სკოლის ადმინისტრაციამ ჯერ ოჯახს, შემდეგ კი საპატრულო პოლიციასა და სოციალურ სამსახურს შეატყობინა.

სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტს მოზარდის ოჯახში ადასტურებენ. გოგონას მამა ამბობს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში სამსახურიდან დაბრუნებული მისი ძმა ბავშვს ეფერებოდა, რაც მამის აზრით, ნორმალურია.

13 წლის გოგონას მშობელი ამტკიცებს, რომ ბავშვის ნათქვამი მასწავლებელმა არასწორად გაიგო. შემთხვევის გახმაურების შემდეგ პოლიციამ ბავშვის ბიძას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და გოგონასთან მიახლოება აუკრძალა.

მსხვერპლმა ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის თანდასწრებით ჩვენება სამართალდამცველებს უკვე მისცა. გამოძიების კითხვებს უპასუხეს სკოლის პედაგოგებმაც. 

13 წლის გოგონა უკვე ერთი კვირაა, გაკვეთილებს აცდენს. ის, დედასთან ერთად, სხვა რეგიონში იმყოფება. ბიძა ისევ ამავე სახლში, საკუთარ ძმასთან ერთად, ცხოვრობს.

არასრულწლოვანზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას ადგილობრივი პოლიცია იძიებს. საქმეზე მოკვლევა გარყვნილ ქმედების მუხლით მიმდინარეობს.

სტატისტიკური მონაცემით, 2017 წელს სექსუალური ძალადობის ბრალდებით მხოლოდ 5 პირი დააკავეს, 2018 წელს კი - 8. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 67 000 (9%) გოგონა ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები