17 მაისი 2024,   09:22
ვრცლად
რაღაც წერილი ამოვარდა, რომლის შინაარსიც გაურკვეველია - მმართველი გუნდი TBC-ს საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ აპირებს

ფარატინა ქაღალდი, რომლის გამო საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ "თიბისი" ბანკის საქმეზე შეიქმნას საგამოძიებო კომისია და თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა გიორგი  გახარიამ.

მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა პროცესის პოლიტიზირებულობას შეუწყობს ხელს. "ქართული ოცნების" წევრებს მაგალითად ე.წ. ხორავას მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისია და განვითარებული პროცესები მოჰყავთ.

ამიტომ მათი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს.

„არ ვიცი სადამდე მივა საქმე. მე არ ვიცი გამოძიების დეტალები სიღრმისეულად. და შეიძლება არც უნდა ვიცოდე . მაგრამ კითხვებზე პასუხი რომ ვერ მივიღეთ და ამ პასუხების ნაცვლად  რაღაც წერილი ამოვარდა თითქოს, რომლის შინაარსიც გაურკვეველია და ლოგიკასთან არ ჯდება. და არაფერი არ გვაქვს  მაიდენტიფიცირებელი და რასთან გვაქვს საქმე ვერ ვარკვევთ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების და სპეკულაციების საფუძველი გახდა ამ ეტაპზე ეს ვიცით მარტო,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ კი "თიბისის" საქმეზე არსებობს კითხვები, მათზე პასუხების გამცემი ორგანო არის საგამოძიებო სამსახური. მათივე თქმით, შს მინისტრი მზად არის ნებისმიერ ფორმატში გასცეს  პასუხი კითხვებს და პასუხების მისაღებად საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ არსებობს.

„ბატონმა გიორგი გახარიამაც ბრძანა იმის შესახებ, რომ მას ნებისმიერ ფორმატში შეუძლია თავისი პოზიციების დაფიქსირება. საგამოძიებო კომისიის იდეის საკითხი არის ძალიან ადრე,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს ვერც ნუკრი ქანთარია.

„არ უნდა გააკეთოს საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში ამ წერილის გამო. მე მგონი ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია  იმიტომ რომ წერილის  ადრესატი არ ვიცით. მესამე პირშია რაღაც ინიციალებით მიმართვა. რაღაც ძალიან ბევრ კითხვებს იწვევს და ახლა ამაში რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას რაღაც ხელმოსაჭიდი უნდა იყოს,“-განაცხადა ნუკრი ქანთარია.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება. უკვე ცნობილია მმართველი გუნდის უარი, თუმცა საკითხი კენჭისყრაზე სავარაუდოდ მომავალ კვირას მაინც გავა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები