18 მაისი 2024,   08:49
ვრცლად
ირანში დაკავებული ამერიკელი აგენტის მეუღლის კრიტიკული გამოსვლა კონგრესში - კრისტინ ლევინსონი აშშ-ს უმოქმედობაში ადანაშაულებს

12 წლის წინ ირანში დაკავებული ამერიკელი აგენტის მეუღლე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. კრისტინ ლევინსონი კონგრესში მოხსენებით გამოვიდა და დონალდ ტრამპს მოუწოდა მისი მეუღლის გათავისუფლების საკითხი პრიორიტეტული გახადოს.

"კურიერთან" ინტერვიუში  კრისტინ ლევინსონმა თქვა, რომ ამერიკის ადმინისტრაციებს, საკმარისი არ გაუკეთებიათ, მისი ქმრის სახლში დასაბრუნებლად. ოჯახი ითხოვს, პრეზიდენტმა ლევინსონის თემა პრიორიტეტული გახადოს. კონგრესში კი თეირანზე დამატებით ზეწოლის საკითხებს განიხილავენ.

“არ ვარ დარწმუნებული, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ბობის სახლში დასაბრუნებლად. რის იმედიც მაქვს, არის ის, რომ შეერთებული შტატები და ირანი ბობის საქმის მოსაგვარებლად ითანამშრომლებენ. ეს აქამდე არ მომხდარა და მისი დაბრუნება გვინდა. მქონდა კომუნიკაცია ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუმცა თავად პრეზიდენტ ტრამპს არ შევხვედრივარ. ბობი სახლში არ არის და საკმარისი რომ გაეკეთებინათ, ის უკვე სახლში იქნებოდა",-განაცხადა კრისტინ ლევინსონმა.

რობერტ ლევინსონი ირანში 12 წლის წინ გაუჩინარდა. ის ქიშის კუნძულზე გაემგზავრა და სავარაუდოდ ირანის ხელისუფლებამ დააპატიმრა. ამის შესახებ ერთადერთხელ თქვა ირანის ტელევიზიამ, თუმცა მოგვიანებით ირანის რეჟიმები მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. ლევინსონი ითვლება ამერიკის მოქალაქედ, რომელიც ყველაზე დიდი ხანია უცხო ქვეყნაში მძევლად იმყოფება.

კონგრესის ქვედა პალატა ირანის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერების და სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. კონგრესმენები ამბობენ, რომ მათ უნდა აიძულონ თეირანი, ასე აღარ მოიქცეს.

“ირანის ლიდერები დღემდე არ აღიარებენ პასუხისმგებლობას ბობის გაუჩინარებაზე. რეჟიმს არასოდეს შეუსრულებია მრავალჯერადი დაპირება, დაგვხმარებოდნენ მისი ადგილსამყოფელის მოძიებასა და დაბრუნებაში. ბობ ლევინსონი ამერიკელია, რომელიც ყველაზე დიდი ხანია მძევლად იმყოფება. დღეს მე წარმოგიდგენთ ბობ ლევინსონის მძევლად აყვანის პასუხისმგებლობის აქტს, რომელიც გააძლიერებს ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკას მძევლად აყვანაზე და დააწესებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, რომლებიც მძევლებად აყვანით არიან დაკავებულნი,”-განაცხადა კონგრესმენმა თედ დოიჩიმ

დღის ამბები