19 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
ვარკეთილში წუხელ მხოლოდ ერთ ეზოში 4 ავტომობილი გაქურდეს 

ვარკეთილის მესამე მასივში ამ წუთებში პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. წუხელ, ღამით, მხოლოდ ერთი კორპუსის ეზოში 4 ავტომობილი გაქურდეს.

მესამე მასივის მე-8 კვარტლის მე-13 კორპუსის მცხოვრებლებს მანქანის მინები ჩამსხვრეული, პირადი ნივთები კი წაღებული დახვდათ.

გაქურდვის მეთოდი ოთხივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო - ჩამსხვრეულია უკანა კარის მინები.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ანალოგიური მეთოდით მიმდებარე კორპუსების კიდევ რამდენიმე მანქანაა გაძარცვული.

„90-იანები ბრუნდება ჩვენს ქვეყანაში... მიდის საქმე ძალიან ცუდად. კრიმინალი ძალიან გაიზარდა საქართველოში. მთავრობას უნდა ვთხოვოთ, რომ ყურადღება მიაქციონ კრიმინალის გაზრდას. ასეთი რამე არ ხდებოდა თბილისში. ტაქსისტებს ძარცვავენ,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, დავით კახიძე.

სავარაუდო ბრალდებულების შესახებ სამართალდამცველები ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ, ვარკეთილის მოსახლეობა კი ამბობს, რომ ყაჩაღობის სერია რამდენიმე დღის წინ ტაქსის მძღოლების დაყაჩაღებით დაიწყო. გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები