19 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე - პატრიარქის თანამოსაყდრემ დამფუძნებელი კრების წევრთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა

პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, პატრიარქის თანამოსაყდრემ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. პარაკლისს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებიც დაესწრნენ. 

„როგორც სული ჭკნება თავისუფლების გარეშე, ასევე თავისუფლებაც ჭკნება სულის და სულიერი მიზნების და ცხოვრების გარეშე, აი ამაზე ვფიქრობდი და მოვიხსენიოთ კიდევ ერთხელ მათი სულები და ვევედროთ უფალს, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, გამთლიანდეს, რომ დავიბრუნოთ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური მთლიანობა, ეროვნული მთლიანობა და განვახორციელოთ ჩვენი სულიერი და ღირსეული დიდი მიზნები,“ - აღნიშნა მეუფე შიომ (მუჯირი).

ქართულ პარლამენტარიზმზე, რომელსაც საფუძველი 100 წლის წინ ჩაეყარა, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„100 წლის წინ შედგა ჩვენი პირველი დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა და ამის საფუძველი ჩაეყარა ქართულ პარლამენტარიზმს, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი დღეს არის ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მაშინ შეიქმნა პარლამენტარიზმის ტრადიცია და იმ პარლამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა საქართველოს უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იან წლებში სწორედ ამ მემკვიდრეობას დაეფუძნა ჩვენი პარლამენტარიზმი. იმ დამფუძნებელი კრების პარლამენტის წევრები იყვნენ უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები, ეს არის ძალიან ძვირფასი მემკვიდრეობა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები