18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენები მალერის საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვენ

ამერიკელი კონგრესმენები სპეცპროკურორ რობერტ მალერის საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვენ.

კონგრესის ქვედა პალატის რეგლამენტის კომიტეტი დღეს კაპიტოლიუმში შეიკრიბა, რათა სპეცპროკურორ რობერტ მალერის საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის გასაჯაროებისთვის მხარი დაეჭირა.

კომიტეტის წევრების აზრით, ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მალერის საგამოძიებო ჯგუფის ანგარიში საჯარო უნდა გახდეს, რადგან ამერიკელი ამომრჩეველი იმსახურებს, იცოდეს, თუ რა მოხდა 2016 წლის არჩევნებზე.

„იმდენად სიღრმისეული გამოძიება იყო, რომ ხალხს შეერთებულ შტატებში უფლება აქვს, ნახოს, თუ როგორი იქნება შედეგები. ვფიქრობ, როდესაც ვიცით, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში, უნდა გავხადოთ საჯარო, რათა ამერიკელებმა იცოდნენ, რა მოხდა,“ - განაცხადა კონგრესის რეგლამენტის კომიტეტის წევრმა ედ ბერლმათერმა.

წარმომადგენელტა პალატის რეგლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ მაკგოვერნი, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მალერის საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის გასაჯაროება პრეზიდენტის დაკნინებასთან კავშირში არ არის.

„ეს არ არის პრეზიდენტ ტრამპის დასამცირებლად. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ამერიკელმა ხალხმა მიიღოს ინფორმაცია, რომელიც დაიმსახურა. დემოკრატები ითხოვენ ტრანსპარენტულობას,“ - განაცხადა  მაკგოვერნმა.

რამდენიმე დღის წინ კონგრესის 6 კომიტეტის თავმჯდომარემ მალერის საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის გასაჯაროების შესახებ რეზოლუცია წარადგინა. მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა, იურიდიული და დაზვერვის კომიტეტების ხელმძღვანელები.

რეზოლუცია გამოხატავს კონგრესის სურვილს, დასრულების შემდეგ გამოძიების მასალები იუსტიციის დეპარტამენტმა გაასაჯაროოს.

შესაძლოა, რობერტ მალერის საგამოძიებო ჯგუფის ანგარიში საიდუმლო ინფორმაციასაც შეიცავდეს. კალიფორნიის შტატის კონგრესმენმა დესოუნიეიმ განაცხადა, რომ პროცესზე ზედამხედველობა ექნებათ, რათა უცხო ქვეყნის მთავრობამ კიდევ მეტი ინფორმაცია არ მიიღოს.

დღის ამბები