23 დეკემბერი 2024,   06:58
ვრცლად
ნაცემი რიგითი გახრამანოვის ოჯახმა, თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ახალწვეულის წერილი გადასცა, რომელიც გაუსაძლის მდგომარეობაშია

"ისინი მოძალადეები არიან და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ" - ეს განცხადება კრწანისის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურებზე, ნაცემი რიგითი ქაზიმ გახრამანოვის ოჯახმა "კურიერთან" საუბრისას გააკეთა. მათ დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს სხვა ახალწვეულის წერილი გადასცეს, რომელიც ასევე კრწანისის სასწავლო ცენტრში გაუსაძლის მდგომარეობას ეხება. წერილის ავტორი ჯარისკაცი ამ დრომდე სასწავლო ცენტრში რჩება. მას ოჯახის წევრებთან შეხვედრის ნება არ მისცეს. ორდღიანი დუმილის შემდეგ, გუშინ თავდაცვის უწყებამ ჯარში ფულის გამოძალვის ფაქტი დაადასტურა.

გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ იმ დანაყოფის მეთაურებს, რომლის წევრებიც ძალადობაში ბრალდებულები არიან. თუმცა გახრამანოვებისთვის სასჯელი საკმარისი არ არის. ჯარში ფულის გამოძალვის ამბავი "კურიერმა" გაახმაურა.

"რამდენადაც ვიცი, სერჟანტი მჭედლიშვილი უკვე გაათავისუფლეს, ის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ ყველზე სასტიკი იყო. სამხედრო ნაწილში მოსვლისთანავე მითხრეს რომ აქ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ხშირად სცემდნენ და ფულს ართმევდნენ. იგივე ჩემს მიმართაც განხორციელდა, ფულს სისტემატიურად მძალავდნენ,"-აცხადებს ქაზიმ გახრამანოვი.

ნაცემი რიგითის მამა აცხადებს, რომ მისი ოჯახი ამ საქმეს ბოლომდე მიყვება და არ დაუშვებს რომ დამნაშავეები დაუსჯელი დარჩნენ.

"ჩვენ ვითხოვთ რომ დამნაშავეები არამხოლოდ თანამდებობიდან გაათავისუფლონ, არამედ პასუხისგებაში მისცენ. ისინი მოძალადეები არიან და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ადგილი აქვს ასევე დისკრიმინაციასაც, რადგან ასე სასტიკად ძირითადად ეთნიკურ აზერბაიჯანელებს უსწორდებიან,"-აცხადებს ელდანიზ გახრამანოვი.

ამავე თემაზე
დღის ამბები