18 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
ოკუპანტების ნადირობა საქართველოს მოქალაქეებზე - ყარაფილადან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან

ნადირობა საქართველოს მოქალაქეებზე - გალის გარდა საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის იზოლატორშიც დაატყვევეს.

როგორც ცნობილია, სოფელ ყარაფილადან გატაცებული ორი მოქალაქე ალან მარღიშვილი და გიორგი ჩიტიშვილი უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან,

თუმცა, მანამდე ისინი ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანში გადაიყვანეს სადა ე.წ რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული.

გატაცების დეტალებზე ოჯახის წევრები ინფორმაციას არ ფლობენ. ალან მარღიშვილის ძმა ამბობს, რომ გატაცებული გიორგი ჩიტიშვილი გუშინ ღამით მათთან სტუმრად იმყოფებოდა. სახლიდან მარღიშვილი და ჩიტიშვილი ერთად გავიდნენ, დილით კი პოლიციელებისგან შეიტყვეს, რომ ორივე მათგანი ოკუპანტებმა დააკავეს.

„მითხრეს დაიჭირეს გადაიყვანეს რუსებმაო, სად დაიჭირეს არაფერი არ ვიცით. ჯერ არავინ დაგვკავშირებიან. ალბათ ცხინვალშია გადაყვანილი. პოლიციამ მითხრა,რომ გიორგიც ყოფილა,“-ამბობს სოფელ ყარაფილას მცხოვრები ლევან მახნიშვილი.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ორივე მოქალაქე იმ ტერიტორიიდან აეყვანათ, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას ეკუთვნის. 

სოფელ ყარაფილას მცხოვრები ჟუჟუნა ვაზაგაშვილი ამბობს,რომ რუსი ოკუპანტები ოკუპაციის ზოლის აქეთ გადმოდიან და საქართველოს მოქალაქეებს იჭერენ, რადგან საოკუპაციო რეჟიმისგან ჯილდოდ თანხას იღებენ.

როგორც ცნობილია, საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებები დაწყებულია და სავარაუდოდ, ორივე დაკავებულს ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. 

დღის ამბები