17 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
რა აქტივობები აქვს მთავრობას იმისთვის, რომ იყოს პრევენციული ზომები განხორციელებული - გიგი წერეთელი მინისტრს კითხვებს ოკუპაციაზე დაუსვამს

„რა მექანიზმები აქვს სამინისტროს და რა აქტივობები აქვს მთავრობას იმისთვის, რომ იყოს პრევენციული ზომები განხორციელებული და ასევე, კიდევ უფრო გამძაფრდეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე,“ - ამ კითხვით დასმას გეგმავს, დავით ზალკალიანისთვის პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი.

დეპუტატის თქმით, დავით ზალკალიანთან კითხვების ძირითადი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს დაეთმობა.

„ამ პოლიტიკის პირობებში არაფერი გაუმჯობესებულა, პრაქტიკულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უარესი მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ბორდერიზაციის თვალსაზრისით,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის შემდეგ, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ რუსეთმა ამისთვის საფასური უნდა გადაიხადოს.

„რა მექანიზმები აქვს სამინისტროს და რა აქტივობები აქვს მთავრობას იმისთვის, რომ იყოს პრევენციული ზომები განხორციელებული და ასევე, კიდევ უფრო გამძაფრდეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, იმის გამო, რაც ხდება დღეს,“ - ამბობს წერეთელი.

გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა, საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწევს პარლამენტში ისაუბროს გაზპრომთან დადებულ ხელშეკრულებაზე.

„ასევე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცის,“ - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ხვდებიან.

დღის ამბები