18 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
უბედური შემთხვევა ორთაჭალაში - მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია  

30 წლის ვეფხია ხუჭუას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლიც გუშინ სამშენებლო სამუშაოების დროს, ორთაჭალაში დაშავდა, ამ დრომდე უმძიმესია. ის კლინიკაში, მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

კომპანია "ემ ჯი ალიანსის" დირექტორი კი, რომელიც ბეჟან კალანდაძის 12-ში სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა ამბობს, რომ უსაფრთხოების შემოწმებას მომუშავეები ყოველდღიურად გადიოდნენ, თუმცა მისი ვარაუდით, შემთხვევა შესვენების დროს მოხდა.

რატომ ახორციელებდნენ მუშები სარემონტო სამუშაოებს შესვენების დროს, ამ კითხვაზე კომპანიის დამფუძნებელს პასუხი არ აქვს.

„უსაფრთხოების ინჟინერი ყოველდღიურად კომპანია, ვინც ჩვენ დაქირავებული გვყავს, ყოველდღიურად, მისი ორი წარმომადგენელი ვალდებული იყო, ყოველ სამუშაო დღეს დილიდან საღამომდე, ვიდრე სამუშაოები არ დასრულდებოდა. მაგრამ მეორე მომენტია, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს იყო შესვენების დროს არის მომხდარი,“ - აცხადებს ზაზა იჩქიტიძე.

კომპანია ”ემ ჯი ალიანსის” დამფუძნებელი ამბობს, რომ უსაფრთხოების ინჟინრები შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ და ორივე მათგანი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.

გარდაცვლილი 2 მუშა კი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დათვალიერების შედეგად მშენებლობაზე კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა და სამშენებლო პროცესი შეაჩერა.

კომპანიას გაფრთხილება 2017 წელს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო უკვე მიღებული ჰქონდა.

დღის ამბები