19 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი კომპანია"ემ ჯი ალიანსის" მშენებარე ობიექტების შემოწმებას იწყებს

ინსპექტირების დეპარტამენტი იმ დეველოპერული კომპანიის მშენებლობების შემოწმებას იწყებს, რომლის ერთ-ერთ ობიექტზეც ორი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

უწყებამ უნდა დაადგინოს, დაცულია თუ არა უსაფრთხოების ზომები, ყველა იმ სხვა ობიექტზე, სადაც სამშენებლო კომპანია "ემ ჯი ალიანსი" სამუშაოებს აწარმოებს.

რაც შეეხება მიმდინარე მშენებლობას ორთაჭალაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ობიექტზე  გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო იქ სამუშაო პროცესი შეჩერდა. საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და ის რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.

"იმ ტერიტორიაზე, ლოკაციაზე არსებობს რამდენიმე მშენებლობა, რომელიც მიზანშეწონილია, რომ მოხდეს შემოწმება, ეს პროცესი მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ მივაწვდით შს სამინისტროს მიღებულ დასკვნას და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ამ პროცესს,"-განაცხადა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ. 

ორთაჭალაში, ორი დღის წინ ხარაჩოზე მყოფი სამი მუშა მაღალ სართულზე ფასადს ღებავდა, რა დროსაც ბაგირი გაწყდა. ერთი ადგილზე, ერთი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. მესამე მუშის, 30 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის ექიმის განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დღის ამბები