19 მაისი 2024,   03:11
ვრცლად
ოზურგეთში, სოფელ გურიანთის საჯარო სკოლა გაქურდეს - დაკავებულია ამავე სკოლის სამი მოსწავლე

ოზურგეთში, სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სკოლა გაქურდეს. მათ სკოლის დირექტორის კაბინეტიდან და კანცელარიიდან ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკა, პრინტერები და მონიტორები წაიღეს. 

სამართალდამცველებმა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ამავე საჯარო სკოლის სამი მოსწავლე დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად მოპარული ელექტროტექნიკა ამოიღო.

ქურდობა, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა. მომხდარის შესახებ, პირველმა სკოლის დამლაგებელმა შეიტყო. მას დილით სკოლის კარი გატეხილი დახვდა, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინა. 

„შეგვატყობინეს, რომ სკოლა იყო გატეხილი, მოვედით, იყო გატეხილი დირექტორის ოთახი და კანცელარია და წაღებული იყო კომპიუტერული ტექნიკა. შეგვატყობინეს, რომ ამოღებული არის დანაკარგი და მიმდინარეობს ახლა მოკვლევა,“ - განაცხადა სოფელ გურიანთის სკოლის დირექტორმა, ნანა შარაძემ.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპიუტერებში მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ინახებოდა, სკოლა ამ დრომდე სრულყოფილად მუშაობას ვერ ახერხებს.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 

დღის ამბები