17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობის შემთხვევები დაუშვებელია - ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობის შემთხვევები დაუშვებელია - ამ განცხადებას ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ირაკლი კვარაცხელიას საქმის შესახებ საუბრისას კეთებენ. 

მინისტრები აღნიშნავენ, რომ გალში გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცის საქმე დაუყოვნებლივ და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ მათთვის მიუღებელია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა.

„სამწუხაროდ კვლავ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. განსაკუთრებით ოკუპირებულ აფხაზეთში და გარდაცვალების ბოლო შემთხვევა საფუძვლიანად და გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული. იმედი გვაქვს ასეც იქნება. ეს არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რაც რეგიონში ხდება. ეს მიუღებელია,“ - განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. სვენ მიკსერი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა დიდ ყურადღებას საჭიროებს.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს აგრესიასთან ბრძოლასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ სწრაფვაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საჭიროებს საერთაშორისო გაერთიანების ყურადღების ცენტრში დარჩენას. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა თვალი მიადევნოს შექმნილ ვითარებას და სათანადო რეაგირება მოახდინოს ნებისმიერი სახის ძალადობის მიმართ“ - აღნიშნავს სვენ მიკსერი.

ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრის დღის წესრიგში ყირიმის ოკუპაციის მეხუთე წლისთავი და რუსეთის აგრესიული ქმედებები დგას. ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომას პეტრიჩეკი. 

„აღვნიშნავთ ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავს და ამ კონტექსტში განვიხილავთ რუსეთის უკანონო ქმედებებს. ჩვენ ასევე ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები ყველგან იყოს დაცული, იქნება ეს ოკუპირებული ყირიმი, აფხაზეთი თუ სამხრეთ ოსეთი,“ - განაცხადა ტომას პეტრიჩეკიმ.

დღის ამბები