17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
კანონპროექტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ - დამტკიცების შემთხვევაში ცვლილებებს, რელიგიური კონფესიები გაასაჩივრებენ 

ცვლილებები სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა მიუღებელია ყველა რელიგიური კონფესიისთვის.

საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის ყველა სასულიერო პირი, გარდა მართლმადიდებელი მღვდლებისა.

საქართველოს ევანგელურ-ბაფტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას დისკრიმინაციულ ნორმად აღიქვამს. მისი თქმით, თუ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებას მხარს დაუჭერს, ისინი მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ცალსახად აღვიქვამთ ამას, როგორც დისკრიმინაციულ ინიციატივას და მიუღებელია ეს ჩვენთვის. ჯერ დაველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი... თუკი ვინიცობაა და ბოლომდე გავა ეს კანონპროექტი, ჩვენ არ გავჩერდებით არავითარ შემთხვევაში და აუცილებლად ამას გავასაჩივრებთ,“ - განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.

სესიაშვილის ინიციატივა მიუღებელია ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძისთვისაც.

„ის დისკრიმინაცია, რომელიც ხდება და ვთქვათ, თუნდაც ის „გარდა“ სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი განვითარებითვის და ნორმად არ უნდა ვაქციოთ ჩვენ დისკრიმინაციული ფორმა, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩვენ მუსლიმი თემი, როგორც მოქალაქეები ამ ქვეყნის, მაქსიმალურად შევეცდებით, ეს დისკრიმინაციული ნორმა არ დამტკიცდეს ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები