17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
"კვაჭანტირაძემ გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ იმუშაოს და ახლა ეს ხმამაღალი განცხადებები, განათლებული კაცია, არ შეეშლება" - გიორგი ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის მობილიზება პარლამენტში - ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების მიზნით პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, განმეორებითი კენჭისყრის დროს მივიდა.

ვოლსკის თქმით, დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც უმრავლესობას კენჭისყრის დროს პრობლემები შეექმნა, ის განმეორებითი კენჭისყრისთვის საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

გიორგი ვოლსკიმ ყოფილი თანაგუნდელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კომიტეტში მისი საქმიანობის გამო გააკრიტიკა.

„მეგონა, ყოველ შემთხვევაში, რომ ზვიად კვაჭანტირაძე ასეთ შემთხვევაში, როდესაც უმრავლესობიდანაც წავიდა, თან თვითონაც კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, უსაქმობა უფრო მეტად, რომელიც კარგა ხანია, გრძელდება, მე ვფიქრობ, რაღაც ეს დროც უნდა დავუკავშიროთ ამ თემას. თვითონ ამ კომიტეტის სრული გაჩერება ემთხვევა იმ პერიოდს, ეტყობა, რაზეც ჩვენ არ მიგიქცევია ყურადღება, როდესაც ზვიადმა გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ იმუშაოს და ახლა ეს ხმამაღალი განცხადებები, განათლებული კაცია, არ შეეშლება,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

მანამდე კი კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პირველ კენჭისყრაზე ვერ გადააყენეს. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, სესიაზე ტექნიკური ხარვეზი მოხდა - დეპუტატებს წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.

დღის ამბები