26 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა ლენტეხში - მოსახლეობა "ხელედულა 3"-ის მშენებლობის წინააღმდეგია

მასშტაბური პროტესტი "ხელედულა 3"-ის ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

საპროტესტო შეძახილებით ლენტეხში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სოზარ სუბარსა და მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ დოლიძეს დახვდნენ.

ადგილობრივებმა იმ შენობის შესასვლელი ჩაკეტეს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს „ხელედულა ჰესის“ შესახებ მსჯელობა ჰქონდათ დაგეგმილი. სიტყვიერი შელაპარაკებისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლის გამო, შეხვედრა ჩაიშალა. ლენტეხელებმა მთავრობა საჯაროდ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ ხეობაში ჰესს არ ააშენებინებენ.

ადგილობრივების მიერ შენობის ბლოკირების გამო, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა შეხვედრის ადგილი შეცვალა და მსურველები სამსჯელოდ სხვა შენობაში დაპატიჟა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იქაც გადაინაცვლეს და შეხვედრა საბოლოოდ ჩაშალეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხატზე დაიფიცეს, რომ მდინარე ხელედულაზე ჰესს არავის ააშენებინებენ და სიტყვას არ გატეხენ. დარწმუნებულები არიან, რომ ჰესი მათ ცხოვრებას გაურთულებს.

მდინარე ხელედულაზე 50 მეგავატიანი „ხელედულა 3-ის“ მშენებლობა იგეგმება. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ამ პროექტის მოწინააღმდეგე ხეობის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია. დღევანდელი პროტესტის მიუხედავად, ახალი ჰესის მნიშვნელობაზე სასაუბროდ ლენტეხში ჩასვლას კვლავაც გეგმავენ.

ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივებს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით აქვთ გადაწყვეტილი. საქმე, რომელშიც ლენტეხელებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმარება, უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოშია.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები