18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
"ათჯერ ესროლეს პოლიციელებმა"-  პოლიტკოვსკაიას ქუჩის მცხოვრებლები სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩის 48/ა ნომერში მცხოვრებთა ნაწილი სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. ადგილობრივები პოლიციის მხრიდან ახალგაზრდების დევნაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ სამართალდამცველები ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებიან. 

„ვხედავ ბავშვი შემორბის, უკან მოსდევს იარაღამოღებული, პოლიციელები არიანო. დამინახეს თუ არა, ჯიბეში ჩაიდეს იარაღი. ხელი მკრეს, კედელს მიმახეთქეს მე რომ ჩემს შვილს გადავუდექი. პირველად არ ხდება, წაიყვანენ განყოფილებაში, სცემე, გამოუშვებენ, სცემენ, გამოუშვებენ. ხალხს თუ ყაჩაღების ეშინია, მე პოლიციის მეშინია,“-აცხადებს ერთ-ერთ ახალგაზრდის დედა, ლია ჩიხრაძე.

მათივე მტკიცებით, გუშინ დღის განმავლობაში ისმოდა სროლის ხმაც.

„ბენზინი ჩაასხეს და მოდიოდნენ. ათჯერ უსვრიათ აქამდე მანამ მოვიდნენ კორპუსთან. დიახ პოლიციელებმა. რა უნდათ ამ ბავშვებისგან, ამ სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფრო აუბედურებენ,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ლია მირიანაშვილი.

სროლის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერში, გამაფრთხილებელი გასროლა მას შემდეგ განახორციელეს, რაც მოქალაქეების შემოწმებისას სამი პირი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები