26 აპრილი 2024,   07:24
ვრცლად
არასდროს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ვეტო გამოიყენოს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დაბლოკოს - იენს სტოლტენბერგი

„არასდროს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ვეტო გამოიყენოს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დაბლოკოს,“ - ეს განცხადება, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

სტოლტენბერგმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ ალიანსის მოკავშირეები საქართველოს ღია მხარდაჭერას უცხადებენ.

მისივე განცხადებით, არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება დაბლოკოს პრეტენდენტი და ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადებისა, რომ ის საკუთარ რიგებში მიიღებს საქართველოს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის რეფორმების გაგრძელება აუცილებელია.

"საქართველო სუვერენული ქვეყანაა და სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტენ, რა გზა აირჩიონ - გახდნენ თუ არა ნატო-ს წევრები. ასე, რომ რუსეთი ვერანაირად ვერ დაბლოკავს. ნატო-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ასევე ვიცით, ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი, ეს არის ის საკითხი, რომლის მოსაგვარებლადაც გზა უნდა გამოვნახოთ, მაგრამ ახლა მთავარია საქართველოს მთელი ყურადღება მიმართული იყოს რეფორმებისკენ, მათი გაგრძელებისა და განხორციელებისკენ,“- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 

იენს სტოლტენბერგი საქართველოს დღეს დატოვებს. ორ დღეში კი თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები ჩამოვლენ. 50-მდე გენერალი და ადმირალი ქვეყანაში მიმდინარე მრავალეროვნულ წვრთნებს დაესწრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები