19 მაისი 2024,   01:26
ვრცლად
„როგორ ვირწმუნო თქვენი ან მე, ან საზოგადოებამ, როდესაც ყოველ სასამართლო პროცესზე ირღვევა ჩემი უფლებები,“ - დავით კირკიტაძე

„როგორ ვირწმუნო თქვენი ან მე, ან საზოგადოებამ, როდესაც ყოველ სასამართლო პროცესზე ირღვევა ჩემი უფლებები,”- ამ სიტყვებით მიმართა დავით კირკიტაძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კირკიტაძე სიტყვით მას შემდეგ გამოვიდა,  რაც მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის მოთხოვნა მოსამართლის აცილების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. ადვოკატის მოთხოვნა მოსამართლემ უსაფუძვლოდ სცნო.

კირკიტაძემ სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და მას "უსამართლო" უწოდა. მისი თქმით,  როდესაც ასეთ გახმაურებულ საქმეზე, ასე ირღვევა ადამიანის უფლებები, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, რა ხდება იმ სასამართლო პროცესებზე, რომლებიც ასე აქტიურად არ შუქდება და ასეთ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს არ წარმოადგენს.

"როგორ ვირწმუნო თქვენი ან მე, ან საზოგადოებამ, როდესაც ყოველ სასამართლო პროცესზე ირღვევა ჩემი უფლებები. როგორ არ უნდა ვიფიქრო, რომ თქვენ არ ხართ მიუკერძოებელი? როგორც ბრალდებულს, რა განცდა უნდა მქონდეს, რომ სასამართლო არის სამართლიანი? რა აზრი აქვს პროცესებზე დასწრებას, ან მტკიცებულებების წარდგენას, მაშინ როდესაც ჩემი საქმის მიმართ ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და ასე არღვევთ ჩემს უფლებებს?

"საზოგადოება განსჯის და წარმოიდგენს რა ხდება იმ პროცესებზე, სადაც არ არის ამხელა საზოგადოებრივი ინტერესი, სადაც აქტიურად არ შუქდება პროცესები. თქვენ იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ, უვადოდ მოგანდოთ ადამიანების ბედი და თქვენ კი, ყველა ფეხის ნაბიჯზე არღვევთ მათ უფლებებს. აი, თუნდაც დღეს ისე გახვედით სასამართლო დარბაზიდან, არ მკითხეთ ვეთანხმებოდი, თუ არა ჩემი ადვოკატის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. ცხადია, ეს წინასწარ თეთრი ძაფით  შეკერილი საქმეა,”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დღის ამბები