17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
მაჩალიკაშვილის საქმე და სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება - პარლამენტში საკითხის განხილვას დებატები მოჰყვა

თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის მიზეზი და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება - აღნიშნულ თემაზე დებატები პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების განხილვის დროს გაიმართა. ომბუდსმენის განცხადებით, აუცილებელია დადგინდეს, რა ვითარებაში მოხდა სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება. 

„მთავარი შეკითხვა, რაც ამ საქმეში დღემდე არსებობს, რაც იწვევს საზოგადოების ვნებათაღელვას და ძალიან დიდ ინტერესს არის ის, რა ვითარებაში მოხდა თემირლანის გარდაცვალება და დაირღვა თუ არა, ამ შემთხვევაში სამართალდამცავების მხრიდან სიცოცხლის უფლება,“- განაცხადა  ნინო ლომჯარიამ.

როგორც პროკურატურის წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადეს, მაჩალიკაშვილის საქმეზე ამ დრომდე არც ბრალდებული და არც დაზარალებული პირები არ არსებობენ.

პროკურატურა კომპლექსური ექსპერტიზის პასუხებს ელოდება, რის შემდეგაც თადუმაძის უწყება გადაწყვეტს შეწყვიტოს თუ არა საქმის ძიება.

„გამოძიება ელოდება კომისიური ექსპერტიზის დასკვნას და უკვე ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ საქმეზე მივიღოთ შემაჯამებელი გადაწყვეტილება, კონკრეტული პირის მიმართ დავიწყოთ სისხლის სამართლებრივი დევნა, თუ მტკიცებულებები გვექნება ამისთვის საკმარისი, ან მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შესახებ,“- განაცხადა პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა სალომე შენგელიამ.

დღის ამბები