19 მაისი 2024,   00:05
ვრცლად
განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ორგანიზებულის ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კომპანიის დირექტორისგან 2 700 000 ლარის დაუფლებას თაღლითურად ცდილობდნენ - ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ანტიკორუფციულმა სააგენტომ ოთხი პირი დააკავა. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებულად დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს, 2 700 000 ლარის მათთვის გადახდის სანაცვლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოსა და ყადაღის მოხსნას ჰპირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საკუთარი გავლენისა და ნაცნობობის გამოყენებით, უზრუნველყოფდნენ მისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის კონკურენციისა და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გადაცემას. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები კომპანიის წარმომადგენლების მოტყუებით თაღლითურად დაეუფლნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს,“ - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ამავე ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კ.-მ 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აღნიშნული კომპანიის დირექტორს ვითომდა არჩევნების დასაფინანსებლად, მოტყუებით 350 000 ლარი გამოართვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის  „ა“ და  მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარებს, რაც სასჯელის სახით 6-დან 10-მდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დღის ამბები