17 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
არ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება დუმს - ბახტაძე ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე საუბრობს

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთხელ გავრცელებას პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის თქმით, კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი საქმეა. მისი შეფასებით, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია. 

ბახტაძის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნება უმძიმესი დანაშაულია და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მოეთხოვოს ყველა დამნაშავეს პასუხი.

Image may contain: 1 person„შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს უკვე ეჭვმიტანილი და აქტიურად მუშაობენ, რომ სხვებიც გამოვლინდნენ. ზოგადად, კიბერდანაშაული ძალიან კომპლექსური ტიპის დანაშაულია. ეს 21-ე საუკუნეში გამოწვევაა ყველაზე ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი. არ და ვერ დაგეთანხმებით, რომ გამოძიება დუმს. როგორ დუმს გამოძიება, როცა ის, მართლა ასეთ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეაქციაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მყისიერი იყო. იმის მტკიცება, რომ თურმე გამოძიება დუმს და არაფერს აკეთებს, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. დამთხვევას რაც შეეხება, ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, 50 წლის შემდეგაც რომ მოხდეს მსგავსი კადრების გამოქვეყნება, ისეთივე მძიმე დანაშაული იქნება, როგორც დღეს. ეს არის ჩვენი სულისკვეთება,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ ფარული კადრების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიიღო და სამართალდამცველებს აცნობა. როგორც ირკვევა, Youtube-ზე ვიდეომასალა, დაახლოებით, 10 დღის წინ აიტვირთა, თუმცა გამოძიებამ ელისო კილაძის მიმართვის შემდეგ მოახდინა რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კადრების გავრცელების საქმეზე 18 წლის მირიან მჟავანაძე დააკავეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები