23 დეკემბერი 2024,   00:43
ვრცლად
სამეფო ოჯახის ახალი სკანდალი - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

სამეფო ოჯახის ახალი სკანდალი, რომელმაც მწვავე პოლიტიკური თემებიც გადაფარა - მუხრანელებისა და გრუზინსკების დაპირისპირება შესაძლოა, ახალ და უფრო მწვევე ფაზაში გადავიდეს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ ქმარს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა 2014 წლის 20 მაისსაა გაცემული, ანას ცემიდან მეტერთმეტე დღეს და ექსპერტი ადასტურებს, რომ დაზიანებები ემთხვევა შესამოწმებლის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

ექსპერტიზის დასკვნას ახლავს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ექიმისთვის მონათხრობი. დოკუმენტში წერია, რომ 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე. ტრავმის მიღების მომენტში დაკარგა თუ არა გონება არ ახსოვს, ჰქონდა გულის რევის შეგრძნება.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მონათხრობის მიხედვით მას ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალს სახეზე და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა.

ადვოკატის მტკიცებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინების განმავლობაში ქმარი ხშირად სცემდა. მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართვს. ბოლო ფიზიკური თავდასხმის შემდეგ კი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დედოფალმა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით მიმართა.

დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ანა ქმარს არ უცემია, ისინი ერთად 2013 წლიდან აღარ ცხოვრობენ და ყოფილ ცოლთან სამოქალაქო დავაში მყოფ დიდგვაროვანსაც აინტერესებს, ვინ სცემა ანა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ცოლის მრავალჯერ ცემისა ფაქტებზე ცნობილი გუშინ გახდა. ოჯახში ძალადობის შესახებ ანას ადვოკატმა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ილაპარაკა.

სამეფო ოჯახები ბოლო ერთი თვეა, ერთმანეთთან სამოქალაქო დავაში იმყოფებიან. განქორწინების შემდეგ ანა ბაგრატიონი ერთად თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას და დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის სამეფო სახლის სახელით სარგებლობის აკრძალვას ითხოვს. 

დღის ამბები