19 მაისი 2024,   07:13
ვრცლად
"თუკი, თურქეთი რუსულ სარაკეტო სისტემა S400-ს შეიძენს, F35-ის პროგრამიდან გარიცხვის რისკის ქვეშ იქნება" - აშშ თურქეთს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს აფრთხილებს და მოუწოდებს რუსული სარაკეტო სისტემების შეძენაზე უარი თქვას. საუბარია "S 400" ტიპის კომპლექსებზე, რომლის პირველ პარტიას თურქეთში ივნისში ელოდებიან.

ვაშინგტონი თურქეთს აფრთხილებს, რომ თუ რუსულ სარაკეტო სისტემას შეიძენს მას ახალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავების, F35-ის პროგრამიდან გარიცხავს.

ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთში რუსული სარაკეტო სისტემების არსებობა საფრთხეს უქმნის ალიანსს და მის სიძლიერეს.

„თურქეთის მიერ რუსეთისგან ორმილიარდნახევარი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემა S400-ის შეძენა, ნატო-ს და ამ ალიანსის სიძლიერეს უდიდეს საფრთხეს უქმნის. ღრმად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თურქეთი ამ გეგმის განხორციელებას განაგრძობს, მაშინაც კი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საჰაერო თავდაცვის სისტემა "პატრიოტი" შესაძლებელი გახადა. პენტაგონმა ამ კვირაში მკაფიოდ განმარტა და დღეს გავიმეორებ: თუკი, თურქეთი რუსულ სარაკეტო სისტემა S400-ს შეიძენს, F35-ის პროგრამიდან გარიცხვის რისკის ქვეშ იქნება,”-განაცხადა მაიკ პენსიმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავაშოღლუ კი აცხადებს, რომ აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემა "პატრიოტის" შეძენაზე თანხმობა მართალია მიიღეს, მაგრამ ათი წელია სისტემის მიღება ვერ მოხერხდა. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთთან გარიგება დასრულებულია და S 400" ტიპის კომპლექსის შეძენაზე უარს აღარ იტყვიან.

„ჩვენ მივიღეთ ახლახანს შეთავაზება შეერთებული შტატებისგან, თუმცა ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ამერიკა შეძლებს თურქეთს პატრიოტები მიყიდოს. რადგან ბოლო 10 წელი მათი მიღება ვერ შევძელით. ამიტომაც ვყიდულობთ რუსეთისგან. S400-თან დაკავშირებული გარიგება დასრულებულია. ჩვენ უკან არ დავიხევთ,“-აცხადებს მევლუთ ჩავაშოღლუ.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა დღეს რუსეთიც გააფრთხილა. მაიკ პენსის თქმით, რუსეთი მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებას არღვევს.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ამბობს, რომ თუ კონკრეტულ ვადაში რუსეთი პირობებს არ შეასრულებს, ამერიკა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს აღარ შეასრულებს. 

"ვიდრე რუსეთი პატივს არ სცემს ხელშეკრულების ვალდებულებებს და გარანტირებულად არ დათანხმდება დარღვევით შექმნილი ყველა სარაკეტო სისტემის განადგურებას, რუსეთი ერთპიროვნულად იქნება პასუხისმგებელი, ამერიკის გასვლაზე უახლოესი 6 თვის განმავლობაში,"-განაცხადა მაიკ პენსიმ.

საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დარღვევის გამო შეშფოთება გამოთქვა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე საათში სახელმწიფო დეპარტამენტში დაიწყება, არ არის გამორიცხული  ალიანსის წევრების მიერ კოლექტიური თავდაცვის შესახებ თანაბარი ფინანსური ვალდებულების თემა ისევ განიხილოს.

შეერთებულმა შტატებმა გერმანია ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალზეც მკაცრად გააკრიტიკა. მეიკ პენსმა საკმაოდ დიდხანს ისაუბრა თავდაცვაში ბერლინის მიერ შეუსრულებელ ფინანსურ ვალდებულებაზე და გაზსადენ "ნორდსტრიმ 2"-ზე, რომელზე უარის თქმასაც ამერიკა დიდი ხანია ითხოვს. პენსმა თქვა, რომ მიუღებელია, ევროპის უდიდესი ეკონიმიკის მქონე სახელმწიფო, რუსული აგრესიის საფრთხეს იგნორირებას უკეთებდეს.

დღის ამბები