27 მაისი 2024,   19:04
ვრცლად
რომელ დევნაზე მესაუბრებით თქვენ? ეს არის პოლიტიკური შეფასება - პრემიერი ბარსელონაში მცხოვრები ემიგრანტების ბრალდებებს პასუხობს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბარსოლანში სპეცოპერაციისას საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ეხმაურება. მამუკა ბახტაძე ქართველი ემიგრანტების იმ განცხადებებს პასუხობს, სადაც ისინი ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. 

ესპანეთში მცხოვრები ქართველების თქმით, დავით ზალკალიანმა ესპანეთის ხელისუფლება დაარწმუნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ქართველებს თავშესაფარი არ უნდა მისცენ, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაკავებები. 

საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ მომხდართან და ზოგადად ქართველების დეპორტაციას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს კავშირი არ აქვს. 

„საქართველო აღიარა უსაფრთხო ქვეყნად ევროკავშირის ძალიან ბევრმა სახელმწიფომ. ჩვენ გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. რომელ დევნაზე მესაუბრებით თქვენ? ეს არის პოლიტიკური შეფასება. სამუშაო ადგილები ქვეყანაში იქმნება, სამწუხაროდ არ იქმნება  იმ ტემპებით, რაც საჭიროა და ჩვენი მთელი რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ინკლუზიური ზრდა. ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც შეეხება ყველა მოქალაქეს,“-განაცხადა პრემიერმა.

ბარსელონაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში. სოზარ სუბარი ამბობს, რომ დაკავება საქართველოს და ესპანეთის სამართალდამცავების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.

„აქ ვინმეს ჩასვლა არ ჩასვლა არაფერ შუაში არ არის. 20-ზე მეტმა ევროპულმა ქვეყანამ საქართველო უკვე აღიარა უსაფრთხო ქვეყნად და ასეთი ქვეყნების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი პოლიტიკური ნიშნით დევნილი საქართველოში არ არის და ევროპული ქვეყნები ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ,“-აცხადებს სუბარი.

ამავე თემაზე
დღის ამბები