18 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს - ზუგდიდში დაპირისპირების დროს დაკავებული ენმ-ის წევრის ადვოკატი

სამეგრელოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მას ბრალი ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გამოძიება ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, თუმცა ადვოკატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

მანუჩარ ჩხეტიას ადვოკატის, მირანდა გოგოხიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩხეტიას ინტერესების დამცველის განცხადებით, დაცვის მხარემ გუშინდელი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა მთლიანად გაშიფრა, თუმცა ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები აღნიშნულ მასალაში არ მოიპოვება. დაცვის მხარე აპირებს, რომ ეს ვიდეომასალა მტკიცებულებად წარადგინოს.

„მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპისთვის სასამართლო ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. ის თვლის, რომ მას არანაირი დარღვევა არ ჩაუდენია და თვლის, რომ ეს პროვოკაცია იყო, პოლიტიკური ელფერი აქვს ამ საქმეს,“ - განცხადა მირანდა გოგოხიამ.

ოპოზიციას და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების დროს დააკავეს ოპოზიციის კიდევ ორი წევრი, გიორგი პატარაია და ანა წითლიძე, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მათ დაკავებებში კი უშუალოდ მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები.

ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება. სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.

დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო ჩასული, რომლის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი პოლიტიკური დევნა დაიწყო.

დღის ამბები