19 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
ოპოზიცია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციის წევრებს შეხვდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციის წევრები თბილისში შეხვედრებს მართავენ. ცოტა ხნის წინ 20 კონგრესმენისგან შემდგარი დელეგაცია ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მათ  ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს. საუბარი შეეხო, როგორც უსაფრთხოების საკითხებს, ისე განვლილ საპრეზიდენტო და მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს.

„ტრადიციული თემები, სადაც ჩვენ ძალიან გვჭირდება და ვაფასებთ კონგრესის მხარდაჭერას, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში კონგრესმა ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია და დოკუმენტი მიიღო და განსხვავებით წინა შეხვედრებიდან, კონგრესმენების მხრიდან ძალიან მაღალი ინტერესი იყო შიდა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩატარდება 2020 საპარლამენტო არჩევნები, ვინაიდან მათი განცხადებით და ეს ასეა, ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი არის თავისუფალი არჩევნები,“ - განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის, განცხადებით, მათ კონგრესის წევრებთან  ძალიან ნათელი გზავნილი ჰქონდათ, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობას გულისხმობდა. სამადაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის შექმნისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.  

„ჩვენი გზავნილი კონგრესის წევრებთან იყო ძალიან ნათელი - საქართველოში დემოკრატიული პროცესი უნდა შეიქმნას დემოკრატიული არჩევნების გზით. ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა მისცენ შესაბამისი გზავნილი ბიძინა ივანიშვილის, რომ ყოველგვარი მცდელობა, ხელი შეუშალოს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ძალიან დაამძიმებს მის ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,“ - განაცხადა  სამადაშვილმა.

დღის ამბები