23 დეკემბერი 2024,   07:49
ვრცლად
გვეუბნებიან დაცალეთ, წადით... სად წავიდეთ?-აჭარიდან წალკაში ჩამოსახლებული მოქალაქეები ხელისუფლებას ბინებს სთხოვენ

მაღალმთიან აჭარიდან წალკაში ჩამოსახლებულმა მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ისინი  აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მოატყუა და დაპირებული საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები არ შეუძინა. აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობაც მოაწყეს და წალკის მერიასთან ტრანსფარანტები მიიტანეს. აჭარიდან ჩამოსახლებული მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი საბერძნეთში დაბრუნებული ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობის კუთვნილ სახლებში ცხოვრობენ. ბინის მესაკუთრეები კი მათ ფართის დაცლას სთხოვენ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ ეკომიგრანტების სტატუსი მიანიჭონ და ამ სტატუსის შესაბამისად მუნიციპალიტეტმა შეუსყიდოს მათ სახლები და მიწები.  

„საზღვარგარეთიდან მოდიან ხალხი. ითხოვენ მის საკუთარ სახლს. დაცალეთ, წადით. სად წავიდეთ, წასასვლელი არსად არ არის. ცის ქვეშ დავდგეთ?,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ვადას 1 მაისამდე აძლევენ წინააღდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებას დედაქალაქში აანონსებენ.

„აქ რომ ჩამოგვიყვანეს მიწა და სახლები უნდა მოგვცენ თუ არა? დროს ნუ გვაკარგინებენ ტყუილად. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. უკვე დაგვღალა ამ გაჩერებულმა დრომ,“ -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

წალკის მერიაში კი განმარტავენ, რომ წალკაში ჩამოსახლებულთაგან ყველა არ არის ეკომიგრანტი. მერის მოადგილის განცხადებით ვინც შეძლო დასაბუთება, რომ ის აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდა მათთვის ბინების შესყიდვაზე ხელისუფლება ამ დრომდე მუშაობს. თუმცა მოქალაქეების ნაწილი ანზრო ხინიკაძის თქმით თვითნებურად ჩამოსახლდა და სხვის საკუთრებაში შევიდა.

„კერძო საკუთრება ვისაც აქვს, ეს მისი კერძო საკუთრებაა და მისი წართმევა არავის არ შეუძლია. ამ მოსახლეობის  გარკვეული ნაწილი შესახლებულია სხვის სახლებში. ვის ინტერესში უნდა შედიოდეს რომ საკუთრება ვინმემ აჩუქოს, დაუტოვოს. ვერ წარმომიდგენია ეგეთ განცხადებას რომ აკეთებს ადამიანი,“-განაცხადა ანზორ ხინიკაძემ

დღის ამბები