19 დეკემბერი 2024,   11:43
ვრცლად
ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე მისასვლელი გზა სავალალო მდგომარეობაშია - მოსახლეობა აქციებს აანონსებს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან სომხეთის საზღვრამდე მისასვლელი გზა სავალალო მდგომარეობაშია. 22-კილომეტრიანი მონაკვეთი თითქმის მთლიანად განადგურებულია. ამის გამო ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე ნახევარი საათის გასავლელ გზას, მძღოლები ორ საათზე მეტს ანდომებენ. 

15-მილიონიანი ტენდერი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2018 წლის 15 მაისს გამოაცხადა.

გამარჯვებულ „საქმილსადენმშენთან“ ხელშეკრულება 2018 წლის 6 ივლისს გაფორმდა. სამუშაოების დაწყებიდან 9 თვეა გასული, გზა კი ისევ ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ტენდერამდე იყო. "საქმილსადენმშენი" სამუშაოებს კონტრაქტორ კომპანია „ჯავახავტოგზასთან“ ერთად ასრულებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, კომპანია „ჯავახავტოგზის“ დირექტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის ბიზნეს პარტნიორია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პირობებიც სპეციალურად მასზეა მორგებული და სხვა კომპანია კონკურენციას ვერ უწევს.

დეპუტატი ამ თანამშრომლობას ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ მათთან საერთო ბიზნესი აკავშირებს.

მძღოლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დროული და სათანადო რეაგირება, მაშინ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვას და საპროტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

 

 

დღის ამბები