24 აპრილი 2024,   09:43
ვრცლად
"ეს არის გლოკის ტიპის იარაღი, სავარაუდოდ ისინი გაისროლეს სამართალდამცავებმა" - პანკისში მცხოვრებლებმა ტყვიის გილზები იპოვეს 

პანკისის ხეობის მოსახლეობა სოფელ ბირკიანშია შეკრებილი და სამომავლო გეგმებზე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მსჯელობს.

ადგილობრივების თქმით, ისინი ხეობაში არც ჰესების მშენებლობას დაუშვებენ და არც თანასოფლელების დაკავებას შეეგუებიან, იმ შემთხვევაში თუ პოლიციამ გიორგი გახარიას მუქარის აღსრულება და გუშინდელ ინციდენტში მონაწილე პირების დაპატიმრება დაიწყო.

როგორც პანკისელები ამბობენ, გუშინ, სადამსჯელო ოპერაციისას ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა და ამისი კონკრეტული მტკიცებულებაც აქვთ.

„გუშინ ამ დაპირისპირების შემდეგ ზედა ხევში მცხოვრებლებმა მოგვაწოდეს ასეთი ტყვიის ე.წ. გილზები და ეს არის გლოკის ტიპის იარაღი და სავარაუდოდ, ისინი გაისროლეს სამართალდამცავებმა. ფაქტია, რომ გაისროლეს, არავინ დაშავებულა ამის შედეგად, თუმცა ფაქტია, რომ მოხდა ამის გამოყენება. ეს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოგვაწოდეს, იქ იპოვეს. ისინი ამბობენ, რომ როდესაც დაძაბულობა წავიდა, დაპირისპირება როდესაც წავიდა და მწვავდებოდა სიტუაცია, მოხდა იქ გასროლები, იქ რეზინის ტყვიებსაც ისროდნენ და ალბათ, სავარაუდოდ, ჰაერში მოხდა გასროლა, მოქალაქის მისამართით რომ გაესროლათ ალბათ, დაშავდებოდა,“ - განაცხადა ჟურნალისტმა, ისლამ გორგიშვილმა.

ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დაკავებებისგან თავი შეიკავონ.

„ხალხი ჰესების წინააღმდეგი არიან. ახლა ამ ბიჭების დაჭერაზე რომ არის ლაპარაკი, იმის გვეშინია, იმის წინააღმდეგები არიან, თუ დაიჭერენ, მგონი, უარესობისკენ წავა მდგომარეობა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.  

რაც შეეხება სამართალდამცველებს, დღეს დილიდან სოფელ ძიბახევთან, რომელიც შეტაკების ეპიცენტრი იყო, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

დღის ამბები