22 მაისი 2019,   05:50
ვრცლად
მოსამართლეების დანიშვნის წესი - იურიდიულმა კომიტეტმა კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

8 მომხრე და ერთი წინააღმდეგი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ირაკლი კობახიძისა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მხარი არ დაუჭირა.

„რომ გითხრათ, რომ არ ველოდი დღეს ამ შედეგს, არ ვიქნები გულწრფელი იმიტომ, რომ ამ კომიტეტისგან სასიამოვნო სიურპრიზებს არ ველოდები. ველოდები, რომ ის გაყვება იმ ცუდ ფერხულს, რომელშიც ჩადგა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან ”ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ ინტერესებს არის მორგებული, რათა კლანს თვითნებურად კანდიდატების შერჩევის და წარდგენის შესაძლებლობა მიეცეს.

პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს კანონპროექტის ავტორმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა. 

„დაასახელონ, თუნდაც ერთი ევროკავშირის ქვეყანა, სადაც ამის მეათედი მაინც არის დადგენილი. ეს არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რაც იძლევა არა მარტო შესაძლებლობას, არამედ გარანტიასაც, რომ უზენაეს სასამართლოში საბოლოოდ პარლამენტი აირჩევს კეთილსინდისიერ და მაღალკვალიფიციურ მოსამართლეებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ ცვლილებებს განიხილავდნენ.

კანონპროექტს დეპუტატები სესიაზე, მესამე მოსმენით დასამტკიცებლად სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გაიტანენ.

დღის ამბები