23 ივლისი 2019,   03:39
ვრცლად
ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი, რომელიც მკვლელობაში პოლიციას ადანაშაულებს სამართალს ვერ პოულობს - მანანა ელიბაშვილი კარვის გაშლას ივანიშვილის სასახლესთან გეგმავს

37 წლის, ზურა ხუციშვილის დედა მისი შვილის გარდაცვალებაში ბრალდებულების დასჯას 3 წელია, უშედეგოდ ითხოვს. მანანა ელიბაშვილი საპროტესტო აქციებს იწყებს და კარვის გაშლას ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან გეგმავს.

შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ პატრულ-ინსპექტორებს ხელს შს სამინისტროს მაღალჩინოსანი, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბირთველიშვილი აფარებს. მანანა ელიბაშვილის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში თავად მონაწილეობდა იმჟამად დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსი, სულხან თამაზაშვილი, რომელიც ახლა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობას იკავებს.

ზურა ხუციშვილი-ელიბაშვილის ოჯახი და ადვოკატები თბილისის პროკურორთან შეხვედრას უკვე წლებია ცდილობენ. 37 წლის ზურა ხუციშვილი-ელიბაშვილი, რომელიც დედისა და შშმ პირი ძმის დასახვედრად აეროპორტში მიდიოდა, საპატრულო პოლიციამ გზაზე გააჩერა და მისთვის ნარკოტიკების ჩადება სცადა, ელიბაშვილ-ხუციშვილი გაიქცა.

საპატრულო პოლიციის მიერ დევნის ოპერაცია „კურიერის“ არქივში ინახება. დილის 4 საათსა და 5 წუთზე ხუციშვილი-ელიბაშვილი სიჩქარის გადაჭარბებით ბელიაშვილის ქუჩაზე ჩერდება, მძღოლი სწრაფად გადმოდის და გარბის, მას პატრულის თანამშრომელი იარაღით მისდევს. კადრებში აღარ ჩანს სად მიდის ახალგაზრდა კაცი.

„კურიერმა“ვიდეო-მტკიცებულება ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ გაასაჯაროვა, თუმცა, ამ დრომდე პატრულ-ინსპექტორების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. საქმეს თბილისის პროკურატურა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას, წაუყენონ თუ არა ბრალი პატრულ-ინსპექტორებს, ამის შემდეგ მიიღებენ.

დღის ამბები