19 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 15 მაისამდე გაიხსნა - აზერბაიჯანმა გადაწყვეტილება შესაძლოა, კვლავ შეცვალოს 

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა მხოლოდ 15 მაისამდე გაიხსნა. „კურიერთან“ საუბრისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, 15 მაისიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

4-დღიანი შეზღუდვების შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ დღეს დილით მომლოცველებს დავით გარეჯის გამოქვაბულებამდე მისვლის უფლება მისცა.

ადგილზე ვითარებას ისევ აკონტროლებენ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები. ისინი მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოიხსნა.

შეზღუდვების დაწესების მიზეზზე საუბრისას კი მესაზღვრე ყურადღებას ამახვილებს სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ვიზიტზე, რომელიც 20 აპრილს შედგა. 

დავით გარეჯის უდაბნოში შეჩერებულია ახალი ბილიკის თხრა, რომელზეც სამუშაოები გუშინ დაიწყეს. თუმცა, მედიას გადაღების საშუალება არ მისცეს, რადგან მათი თქმით, ეს მათი ტერიტორიაა.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 4 დღის წინ ჩაკეტეს. აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს და შესვლა სასულიერო პირებსაც აუკრძალეს.

საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის ყველაზე მტკივნეული წერტილი - 150-კილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთი უკვე ათწლეულებია, მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პერიოდულად კეტავენ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელ გზას, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. ბოლოს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ზუსტად 5 დღის წინ, „ევროპა ნოსტრას“ წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა.

დღის ამბები