19 დეკემბერი 2024,   14:58
ვრცლად
უკრაინელი ქალი 10 ბავშვით ქმარს ენგურის ხიდზე უნდა შეხვედროდა - ადვოკატის მტკიცებით, ათივე ბავშვი დაკავებულის შვილია

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბავშვების ნაწილი თავად, ნაწილი კი სუროგატი დედის დახმარებით გააჩინა.

ადვოკატ, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, იულია სუსლიაკის მეუღლე მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და წყვილი ტრადიციის გაგრძელებას ცდილობდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქალმა შვილების გაჩენა ვეღარ შეძლო, მათ სუროგაციას მიმართეს. თუმცა 10 ბავშვიდან ბოლო ჩვილი იულია სუსლიაკმა თავად გააჩინა ამერიკაში, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესდა.

ადვოკატი ამბობს, რომ სუსლიაკის მეუღლე უკრაინაში ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული, ვიდრე მას ხელისუფლებამ პრობლემები არ შეუქმნა. რადგან სუსლიაკის მეუღლეს დევნიდნენ, მან თავშესაფარი რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. რის შემდეგაც, ცოლ-ქმრის ვერსიით, ქმარი ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა საცხოვრებლად. ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკი ათ შვილთან ერთად აფხაზეთში ქმართან მიდიოდა, ისინი ერთმანეთს ენგურის ხიდზე უნდა შეხვედროდნენ.  როგორც ადვოკატი ამბობს, დაკავებული ქალი განმარტავს,რომ ის მოსკოვიდან პირდაპირ აფხაზეთში მხოლოდ იმიტომ არ ჩავიდა, რომ არ სურდა ოკუპაციის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონი დაერღვია.

„იულია იძულებული გახდა თავის შვილებთან ერთად ჩამოფრენილიყო საქართველოში, რამეთუ უნდოდათ დროებით თავშესაფარი ეპოვათ აფხაზეთში, ხოლო მისმა მეუღლემ სოხუმში მოაგვარა საკითხი საცხოვრებელთან და დამხმარეებთან დაკავშირებით,“-აცხადებს ადვოკატი.

თოდუა ამბობს, რომ ტრეფიკინგი და სუსლიაკის მხრიდან ბავშვებზე ძალადობა გამორიცხულია. მისივე თქმით, ის ამ ბრალდებით თავადვე შეწუხებულია და ამბობს, რომ საავადმყოფოში მის შვილებს ფოტოებს უცნობი პირები უღებდნენ და აიძულებდნენ ეთქვათ, რომ ქალი მათი დედა არ არის. ადვოკატი სამართალდამცველთა მხრიდან იული სუსლიაკის მიმართ ზეწოლაზეც საუბრობს. 

„აბსოლუტურად სისულელეა. ეს არის ვიღაცის ჭორი გავრცელებული ,, რომელსაც პიარის გაკეთება უნდა. შეწუხებული იყო ქალბატონი, ამდენი ცნობისმოყვარე ადამიანი უვარდებოდა პალატაში უღებდნენ სურათებს ბავშვებს და ეუბნებოდნენ თქვი,რომ იულია დედაშენი არ არის.

სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებული არის ფსიქოლოგიური ზეწოლა,“-აცხადებს თოდუა.

რაც შეეხება ბრალდებას, ქალი ტრეფიკინგის მუხლით არის დაკავებული და მას სავარაუდოდ, ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს, წინასწარი დაკავების, იზოლატორში წარუდგნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები