19 დეკემბერი 2024,   22:01
ვრცლად
„გარეჯა ჩვენია!“ - ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ადგილზე გააპროტესტებენ

„გარეჯა ჩვენია!“ - ამ ლოზუნგით სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას ადგილზე გააპროტესტებენ.

საზოგადოების წარმომადგენლები, საინიციატივო ჯგუფის და მათ შორის, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები, უკვე გაემგზავრნენ თბილისიდან გარეჯის მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, პროტესტის გრძნობა გიჩნდება, როდესაც არ არის გადაწყვეტილი საზღვრის საკითხი და უცაბედად ამ დიდ დღესასწაულებზე, როდესაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება გადატანილია ამ პროცესებზე, უცბად იწყება სასაზღვრო ზოლის გადმოწევა დაუკითხავად და მე ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქის ვალია, ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს ყოველივე ასეთ გადაცდომაზე. ასევე, საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც ველოდებით და ასევე საპატრიარქოდან ადეკვატურ ნაბიჯებს,“ - ამბობს აქციის მონაწილე, დავით გულბანი.

მათ პროტესტს შეუერთდებიან საგარეჯოში მცხოვრები მოქალაქეებიც. აქციის მონაწილეებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეზღუდვები, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ დააწესა.

მოქალაქეების თქმით, აღნიშნული შეზღუდვების გამო უნიკალური ქრისტიანული ძეგლების ნახვის და ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება ქართველ მომლოცველებს და სასულიერო პირებსაც ეკრძალათ.

„ჩავალთ წირვაზე, მოვილოცავთ ტაძარს და შემდგომში ავალთ აღდგომის ტაძართან, სადაც ვიცით, რომ პრობლემები არის. პრობლემად ითვლება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ეხება, ჩვენს საზღვრებს ეხება და ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით გამოვხატავთ ჩვენს განწყობას და დამოკიდებულებას, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო ერთიანი უნდა იყოს, მთლიანი უნდა იყოს, ჩვენი საზღვრები უნდა იყოს გამაგრებული და დაცული,“ - განაცხადა მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა.

კურიერთან საუბრისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, მომდევნო კვირიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

შეზღუდვების დაწესების მიზეზზე კურიერთან საუბრისას კი მესაზღვრე ყურადღებას ამახვილებს სალომე ზურაბიშვილის დავით გარეჯში ვიზიტზე, რომელიც 20 აპრილს შედგა.

ამავე თემაზე
დღის ამბები