19 აპრილი 2024,   22:17
ვრცლად
დავით გარეჯი ბლოკადის მოლოდინშია - აზერბაიჯანულმა მხარემ მონასტრის ტერიტორიაზე მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა 

აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ისევ საფრთხე ემუქრება. უკვე დღეს, ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების უპრეცენდენტო რაოდენობა განლაგდა. სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს, მუქარა სისრულეში მოჰყავს და 5 მაისიდან ისევ, უძველეს ტაძართან მისასვლელი გზის გადაკეტვისთვის ემზადება. სასულიერო პირების გაფრთხილების და საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოლაპარაკებას აზერბაიჯანულ მხარესთან, ხელისუფლება როგორც ჩანს, არ ჩქარობს. ამიტომ კლდეში ნაკვეთი უძველესი ქართული ძეგლის დაცვას, სამოქალაქო აქტივისტები იწყებენ.

თუ აზერბაიჯანული მხარე, შეზღუდვებს ისევ დააწესებს და უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზას ჩაკეტვას, ანტისაოკუპაციო მოძრაობა გარეჯში 24-საათიან პატრულირებას დაიწყებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახლა მოხალისეებს აგროვებენ. სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ როდესაც ხელისუფლების უუნარობას ქვეყნის ეროვნული ინტერესები ეწირება, მაშინ გადამწყვეტი ხალხის ხმა ხდება.

დავითგარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ამტკიცებს, რომ მათ ხელისუფლება შეზღუდვების ამოქმედებამდე გააფრთხილეს, თუმცა მღვდლების რჩევა ძალოვანებმა არ გაითვალისწინეს და მძიმე შედეგიც მიიღეს.

დავით გარეჯის თემაზე სიფრთხილით საუბრობენ პოლიტიკოსები. ამ თემას გაურბის როგორც უმრავლესობა ასევე ოპოზიცია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკითხის მოგვარებას აღმასრულებელ ხელისუფლებას უთმობენ. ოპოზიცია კი ფრთხილად, თუმცა მაინც მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

დღის ამბები