13 მაისი 2024,   03:15
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ მოწყობილ კიდევ ერთ პროვოკაციაზე საუბრობს

პანკისის ხეობაში მოკლული 19 წლის ახალგაზრდის მამა - მალხაზ მაჩალიკაშვილი, ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ მოწყობილ კიდევ პროვოკაციაზე საუბრობს.

როგორც ის ყვება, მაჩალიკაშვილს მისი მეგობრის - პაატა აბჟანდაძის, ნომრით დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე შეუთანხმდნენ გარკვეული ნივთების გადასაცემად. თუმცა, საბოლოოდ, მაჩალიკაშვილი შეხვედრაზე ვერ წავიდა და აბჟანდაძეს დაურეკა და მოუბოდიშა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ პაატა აბჟანდაძის ნომრით მას დაუდგენელი პირები უკავშირდებოდნენ.

„ბოლო ზარი იყო ამერიკიდან, ვითომ პაატა აბჟანდაძის სახელით დარეკილი მესენჯერში და იქ იყო ლაპარაკი ამ თემაზე, მოვლენ ადამიანები გადმოგცემენ რაღაცასო. ის რაღაც რა იყო, მე აზრზე არ ვარ. ნივთი გამოგზავნილია თუ არა, მაგაზეც ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ჩემთან არაფერი მოუტანიათ, მე არაფერი არ ამიღია. სიმართლე გითხრათ, მაინტერესებს იმიტომ, რომ ეს პროვოკაციები და ეს შემოთავაზებები, სადმე შეხვედრები, რაღაცას გადმოგცემდით, რაღაცას გავაკეთებდით, უკვე ერთი წელია, მე ამას ვისმენ და თავს ვარიდებ. პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს არის უსაფრთხოების სამსახურის საქმე, მათი არაადამიანური ქცევები, მათი ნაძირლობა, მათი უღირსობა. ჩემი დაკავება არ უნდათ, არც მომკლავენ, არც დამაკავებენ - ამას რა მოჰყვება, ამათ კარგად იციან. ამათ უნდათ, უბრალოდ, რაღაცის რაღაცასთან დაკავშირებით გამანადგურონ ხალხის თვალში,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

დღის ამბები