23 დეკემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მან გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. კობერიძის თქმით, უზენაესი სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის წესის შესახებ ირაკლი კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი წყალგამყოფი იყო. 

დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სწორედ აღნიშნული პროექტის დამტკიცების გამო მიიღო საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების გადაწყვეტილება. მ,ისი თქმით, ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა არავისთან ალიანსში შესვლას არ აპირებს. 

„სამწუხაროდ, ვერ დავითანხმე ჩემი გუნდის წევრები, რომ შესულიყო ის ცვლილებები, რომელსაც მე ვფიქრობდი, რომ იყო აუცილებელი. დღეს მესამეჯერ დავაჭირე წითელ ღილაკს. მე ვთვლი, რომ ეს კანონპროექტი თავისი არსით არის ნაღმი, რომელიც იქნება ჩადებული ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის. შესაბამისად, მე ამ პროცესს გავემიჯნე. მინდა, გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე უმრავლესობის რიგები. არავისთან ალიანსში შესვლას არ ვაპირებ. ვაპირებ, რომ გავაგრძელო აქტიური პოლიტიკური ცხოვრება და შესაბამისად, საქმიანობა. მაქვს ჩემი კონკრეტული გეგმები,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლევან კობერიძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებამდეც ამბობდა, რომ არის პრინციპული საკითხები კანონპროექტთან დაკავშირებით, რასაც მხარს არ უჭერს. დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკითხი ფარული კენჭისყრის ძალაში დატოვებაა.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

კენჭისყრას წინ უძღვოდა ხმაურიანი განხილვა. პარლამენტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

დღის ამბები