17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ანაკლიის პროექტი - საკითხზე მოლაპარაკებები ჭიანურდება

ანაკლიის პორტის საკითხზე მოლაპარაკებები ჭიანურდება. კონსორციუმი ისევ ელოდება საქართველოს ხელისუფლებას, თუ როდის შედგება მოლაპარაკება მასსა და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს შორის. 

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრა, რომელიც აპრილში უნდა გამართულიყო და სადაც ანაკლიის კონსორციუმის, საერთაშორისო დონორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შედეგად, საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ანაკლიის პორტის ბედი.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება მოლაპარაკებას ბანკებსა და სახელმწიფოს შორის, სამწუხაროდ, ძალიან ნელა მიმდინარეობს. მე ვერ გეტყვით მიზეზებს, ჩვენ ველოდებოდით, რომ შეხვედრა მოხდებოდა აპრილში. მხოლოდ ორი წერილი გაიცვალა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის. იმედია, რომ უახლოეს ხანში შეხვდებიან, რამეთუ ეს გაწელვა პირდაპირ, ხელს უშლის იმ ვადას, რომელშიც ჩვენ უნდა ჩავეტიოთ. თქვენ იცით, რომ ჩვენი ვადა სახელმწიფოსთან იწურება 15 ივნისს და რა თქმა უნდა, დამოკიდებულები ვართ ამ მოლაპარაკებაზე,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ მთავრობასა და ბანკებს შორის, მოლაპარაკებები ნელ ტემპებში მიმდინარეობს. მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის რომ შეხვედრის ორგანიზება მოხდეს.

„სამწუხაროდ, პროცესი ნელა მიმდინარეობს. იყო აპრილში გაცვლა, ასე ვთქვათ, დამაზუსტებელი შეკითხვების და პასუხების. შეკითხვები მთავრობის მხრიდან იყო,  პასუხები მერე ბანკების მხრიდან. სამწუხაროდ, ვართ ასე ვთქვათ, მოყოლილი მთავრობასა და ბანკებსა შორის მოლაპარაკებაში, რაც სწრაფ ტემპში არ მიმდინარეობს, სამწუხაროდ. ვერ მოხერხდა ამ შეხვედრის ჯერჯერობით, ორგანიზება. ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, სამინისტროსთანაც და ბანკებთანაც, იმისთვის რომ ამ შეხვედრის ორგანიზება მოხდეს. ასევე, არ გამოვრიცხავ შუალედური შეხვედრის ორგანიზებას, ანუ არა სამუშაო ჯგუფის, არამედ უფრო მაღალ დონეზე,“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, დავით ჯავახაძე ვარაუდობს, რომ შეხვედრა ბანკების წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის, მაისში დაიგეგმება და მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება მოხდება.

„არ შეწყვეტილა კომუნიკაცია, ბანკებთან განხორციელდა არაერთი მიმოწერა და კომუნიკაცია, რომელიც შეეხებოდა დაზუსტებებს სახვადასხვა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით“ - აღნიშნა დავით ჯავახაძემ.

 

დღის ამბები