17 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ანაკლიის პროექტზე მოლაპარაკებებს, რუსეთის პოზიციების გათვალისწინებით აჭიანურებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სრული მასშტაბით ამუშავება არ უნდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა, გიორგი კანდელაკმა ანაკლიის პორტის საკითხზე მოლაპარაკებები გაჭიანურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრა, რომელიც აპრილში უნდა გამართულიყო და სადაც ანაკლიის კონსორციუმის, საერთაშორისო დონორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეთანხმების შედეგად საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ანაკლიის პორტის ბედი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის რომ პროცესი ჭიანურდება, არ არის შემთხვევითი და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ამ პროექტის განხორციელება არ სურს.

„საჯაროდ ნამდვილად ცნობილია, რომ ანაკლიის ღრმაწყოლვანი პორტის სრული მასშტაბით ამუშავება არ უნდა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. მრავალი მაგალითი დაგვიგროვდა როგორ ცდილობს "ქართული ოცნების" მთავრობა არ აწყენინოს რუსეთს, როგორ ცდილობს "ქართული ოცნების" მთავრობა, რომ დააბალანსოს, როგორც ეს შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში ხდებოდა,“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე,  რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ მთავრობის სურვილია, ინვესტორებმა ანაკლიის პროექტი არ დააფინანსონ.

„მთავრობამ აირჩია განსხვავებული პრაქტიკა, ჩანს, რომ მათ არ უნდათ რომ ანაკლიის პროექტი ინვესტორებმა დააფინანსოს. ჩაშალეს ფაქტობრივად, აპრილის შეხვედრა და დაინიშნა მაისში და იქნება თუ არა არავინ არ იცის, ან თუ იქნება როგორ დამთავრდება. მათ უნდათ, რომ საზოგადოების ყურადღება ხმაური თავიდან აიცილონ და მიმართეს ასეთი ჩუმი ბლოკირების ტაქტიკას. საბოლოოდ, როგორც ჩანს, მთავრობის მიზანია რომ ინვესტორებმა თავად გვაქციონ ზურგი,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ პროექტისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა არ ხდება.

„რადგან ახალია მინისტრი დაინიშნა, ამ თემაზე სპეკულირება არ დამთავრდება და სიცხადე რომ შემოვიდეს, მისი მოსმენის ერთ-ერთი თემა იქნება ეს. მე პირადად, ვერ დაგიდასტურებთ რომ ვიცი რაიმე კონკრეტული პოზიცია, რომელიც შესაძლებელია მიანიშნებდეს ხელოვნურ შეფერხებას, თუმცა ზოგადად, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ ამ პორტის კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოსმენა ცუდი არ იქნება,“ - აცხადებს რომან კაკულია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები