17 მაისი 2024,   12:42
ვრცლად
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მხარი, რუსლან აბაშიძის კანდიდატურას დაუჭირა 

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები დასრულდა - ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელად, რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა პრეზიდიუმმა ერთხმად მხარი რუსლან აბაშიძის კანდიდატურას დაუჭირა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, არის რუსლან აბაშიძის დიპლომატიური გამოცდილება და მისი კანდიდატურის მიმართ მმართველი გუდის მხარდაჭერა. 

ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელად, სულ 5 კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა მათ კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. 

იმ შემთხვევაში, თუკი პროცედურები დღესვე დასრულდება, კენჭისყრა გაიმართება და ამის შემდეგ, რუსლან აბაშიძე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. 

„კანდიდატების განხილვა წინა დღეებშიც მიმდინარეობდა და ფაქტობრივად, დღეს მოხდა შეჯერება ერთ კანდიდატზე და ეს გახლავთ ბატონი რუსლან აბაშიძე. ჩვენ უკვე ჩავატარეთ პრეზიდიუმის სხდომა, როგორც ამას ჩვენი რეგლამენტი ითვალისწინებს. ის აუცილებლად უნდა სარგებლობდეს მმართველი ძალის  მხარდაჭერით, სხვანაირად ასეთ მაღალ თანამდებობაზე ადამიანის წარმოდგენა არის შეუძლებელი“ - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია.

კონსულტაციების პარალელურად, საბჭოს შენობასთან შეკრებილები იყვნენ ვეტერანები. ისინი საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერას ითხოვდნენ.

„ჩემი კანდიდატურა წარადგინეს ვეტერანებმა, მაგრამ შესაბამისად, მერე არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ განიხილება სხვა კანდიდატურა და არა დავუშვათ ჩემი“ - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ

ავტორი: რუსუდან ჯაბანაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები