29 დეკემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ჟურნალისტის პოლიტიკური ნიშნით დევნა - მესამე სექტორი "იმედიდან" მაია სტეფნაძის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება

ტელეკომპანია „იმედიდან“ სოციალურ ქსელში ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო გათავისუფლებული მაია სტეფნაძის საქმეს მესამე სექტორი ეხმაურება. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა ტოვებს პოლიტიკური ნიშნით დევნის შთაბეჭდილებას.

„თუ კონკრეტულ სტანდარტებს ან გარკვეულ ეთიკის ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი ჟურნალისტის მხრიდან შესაძლოა  გამოყენებული იქნას ბუნებრივია გარკვეული სახის სანქცია გაფრთხილება, შენიშვნა, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტად ტოვებს შთაბეჭდილებას  მთელი ეს პროცესი, რასაც ვხედავთ რომ გარკვეულ წილად პოლიტიკური ნიშნით შესაძლოა სახეზე ყოფილიყო ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მაია სტეფნაძის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს მასკომუნიკაციის დოქტორი ნინო დანელიაც.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურად მიკერძოებულ მედიაზე, სადაც ჟურნალისტს უშვებენ იმისთვის კი არა, რომ საკუთარი აზრი გამოაქვეყნა "ფეისბუქზე," არამედ იმისთვის, რომ მან გააკრიტიკა ხელისუფლება ფეისბუქზე, ბუნებრივია ეს არის უკვე ჟურნალისტი პოლიტიკური ნიშნით დევნა,“-განაცხადა ნინო დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ მაია სტეფნაძის ინფორმაციით სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც მან ხელისუფლება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო გააკრიტიკა. მოგვიანებით ის პარლამენტთან გამართულ აქციასაც შეუერთდა და იქაც გაიმეორა თავისი მოსაზრება. ამის შემდეგ კი სტეფნაძე ტელეკომპანია იმედის დირექტორმა დაიბარა და პირდაპირ უთხრა, რომ სამსახურიდან უშვებდა და რომ ამის მიზეზი სწორედ ხელისუფლების კრიტიკა იყო.

მაია სტეფნაძის უფლებებს „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო“ დაიცავს. იმედის უკვე ყოფილი თანამშრომელი დავას სასამართლოში გააგრძელებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები