18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
მაჩალიკაშვილის საქმე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ქვეყნის უსაფრთხოება - "ოცნების" კითხვები ვახტანგ გომელაურს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ქვეყნის უსაფრთხოება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სუს-ის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის დროს გაამახვილებენ ყურადღებას.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ დეპუტატებს აინტერესებთ გომელაურის მოხსენება კონტრდაზვერთვით და ანტიტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ძირითადი საკითხები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია. ცხადია, ასევე, ჩვენს ინტერესის საგანს წარმოადგენს კონტრდაზვერთვითი, ანტიტერორისტული საქმიანობა, ანტიკორუფციული საქმიანობა და ამასთანავე შევეხებით, იმ ძირითად გამოწვევებს, რისკებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის. ყველა ვხვდებით, რომ რთული გეოპოლიტიკური მოცემულობა გვაქვს, თუმცა, მიუხედავად ძალიან სერიოზული სირთულეებისა, ჩვენი ქვეყანა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო,“ - განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველო რომ ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა და ამაში დიდი წვლილი სუს-ს მიუძღვის, ამაზე საუბრობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე. დეპუტატის თქმით, უსაფრთხოების გარდა, გომელაურთან შეხვედრის დროს განხილვის ერთ-ერთ მთავარი ნაწილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს შეეხება. 

„სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში უსაფრთხოების კუთხით საქართველო მოწინავე ადგილზე არის ისეთ რთულ რეგიონში, რომელშიც გვიწევს ჩვენ ყოფნა და ვფიქრობ, რომ ამის უკან დგას უსაფრთხოების სამსახურის ძალიან გამართული და ნაყოფიერი საქმიანობა. თუმცა, იმავდროულად ჩვენ გვაქვს კითხვები, ბუნებრივი არის, მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ ოჯახი ეძებს სამართალს და ჯერჯერობით, მან ეს სამართალი ვერ იპოვა. ამ საქმეს იძიებს პროკურატურა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნებოდა ბატონი გომელაურის კომენტარი,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები